ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მთავარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ცესკოს წევრებსა და თავმჯდომარეს შეარჩევენ, იქნება კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და ხედვა, როგორ წარმოუდგენია საქმიანობა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მთავარი კრიტერიუმები,რის მიხედვითაც ცესკოს წევრებსა და თავმჯდომარეს შეარჩევენ, იქნება კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და ხედვა, ვის როგორ წარმოუდგენია არჩევის შემთხვევაში საქმიანობა, რომელიც მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს.

მისი თქმით, ამ საკითხზე მმართველ გუნდს ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მოლოდინი აქვს.

“გვაქვს მოლოდინი, რომ როგორც ოპოზიციის, ისე ჩვენი გუნდის მხრიდან იქნება საქმიანი და კონკრეტული შეკითხვები, თუ როგორია ცესკოს წევრობის კანდიდატების ხედვა ცესკოში საქმიანობის შესახებ. რა არის კონკრეტული გეგმები და როგორ განაცორციელებენ მათი არჩევის შემთხვევაში მათზე დაკისრებულ საქმიანობას. შესაბამისად, გვაქვს საქმიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის მოლოდინი. ვნახოთ, დაესწრება თუ არა ოპოზიცია და რამდენად შინაარსიანი შეკითხვები დაისმება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებს,ოხანაშვილის შეფასებით, თითოეულ კანდიდატს აქვს თავისი პროფესიული გამოცდილება, განვლილი კარიერა და ეს არის დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტაციით.

„წინასწარ შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ვინაიდან საჭიროა მოვუსმინოთ თითოეულ კანდიდატს და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომიისის მოქმედი თავმჯდომარეა, მან წარმატებით გაართვა თავი მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რაც დადასტურებულია ეუთო/ოდირის შეფასებით, შესაბამისად, ეს არის მისი კონკრეტული პროფესიული საქმიანობა ბოლო პერიოდში.

რაც შეეხება თენგიზ თევზაძეს, მასაც თავისი პროფესიული კარიერა აქვს. ის არის როგორც აკადემიური საქმიანობით დაკავებული, ასევე კონკრეტული სამოქალაქო პლატფორმის ფარგლებში საქმიანობს. მოვუსმენთ თითოეულ მათგანს, თითოეულს აქვს ბიოგრაფია, შესაბამისი შეფასებებია სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, ამიტომ მთლიანობაში, მოსმენის შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ “ქართულმა ოცნება” ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი შეცვალა, ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რამ განაპირობა პროცედურაში ცვლილებები.

“იყო მექანიზმი, რომელიც პირველად ვერარჩევის შემთხვევში, კიდევ რამდენიმე მცდელობის შესაძლებლობას იძლეოდა. თუმცა ამ რამდენიმე მცდელობის შესაძლებლობის დაშვებამ პრაქტიკულად ვერ გაამართლა. ეს იყო დროში გაწელილი პროცესი, რომელიც ვერანაირ კონკრეტულ შედეგს ვერ იძლეოდა. ცვლილება განვახორციელეთ იმ მიმართულებით, რომ პირველად კონსენსუსის რესურსი დავტოვეთ, რომ თუ ოპოზიციასთან შეთანხმების რესურსი იქნება, რაც როგორც წესი არის ხოლმე პირველ ჯერზე, როდესაც წინასწარი კონსულტაცია მიმდინარეობს, 2/3-ით არჩევა ხდება. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ “ქართული ოცნება” ვერ აირჩევს, თუ ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. ეს მექანიზმი დევს, რომ ვცადოთ კონსენსუსის საფუძველზე კანდიდატის შერჩევა, თუმცა თუ ეს ვერ ხერხდება, გაუმართლებელია შემდეგ რამდენიმე მცდელობა. კონსენსუსის მიღწევის რესურსი კანონში დევს. ამისკენ ვართ ორიენტირებულები. მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში, დასვან საქმიანი შეკითხვები და შემდგომ ვიმსჯელოთ, იქნებ შევძლოთ კონსენსუსის მიღწევა ”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე, ოპოზიციის ნაწილი პროცესში მონაწილეობას არ იღებს, ოხანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ვალდებულება აქვს სხდომებს დაესწროს და დაასახელოს არგუმენტები, რატომ უჭერს ან არ უჭერს მხარს რომელიმე კანდიდატს.

“ოპოზიციის უმეტესობა ყოველთვის აცხადებს, რომ წინასწარ ყველაფერი იცის. შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ რეალურად არაფერი იცის. რაც შეეხება კანდიდატების მოსმენას, რაც არ უნდა მათ წინასწარი განწყობები ჰქონდეთ და ეჭვებს გამოთქვამდნენ ჩვენს გადაწყვეტილებაზე, საპარლამენტო სუვერენიტეტი, მათზე დაკისრებული მოვალეობა, მათ ავალდებულებს, დაესწრონ სხდომებს, დასვან შეკითხვები, რა არ მოსწონთ თავმჯდომარეობის რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით, რას უწუნებენ მათ და ცესკოს წევრობის რომელიმე კანდიდატს. მაინტერესებს, რა არგუმენტი აქვთ, რატომ არ დაუჭერენ კონკრეტულ კანდიდატს მხარს და რაზე დაყრდნობით დაუჭერენ მხარს სხვა კანდიდატს ”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ცესკოს წევრობის კანდიდატთან, ქრისტინე ქაჯაიასთან გასაუბრებით დაიწყო. დღის წესრიგის მიხედვით, კომიტეტის წევრებმა ქაჯაიას შემდეგ ცესკოს წევრობის კიდევ ერთ კანდიდატ ლევან ისაკაძეს უნდა მოუსმინონ. დღესვე გასაუბრება გაიმართება ცესკოს წევრობის დანარჩენ ორ კანდიდატთანაც - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილთან. ასევე კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტის მიერ დასახელებულ თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა