პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ცესკოს წევრობის კანდიდატთან, ქრისტინე ქაჯაიასთან გასაუბრებით დაიწყო.
სხდომის დასაწყისში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ დამსწრეებს ცესკოს წევრობის კანდიდატების ბიოგრაფიები გააცნო.
დღის წესრიგის მიხედვით, კომიტეტის წევრებმა ქაჯაიას შემდეგ ცესკოს წევრობის კიდევ ერთ კანდიდატ ლევან ისაკაძეს უნდა მოუსმინონ.
დღესვე გასაუბრება გაიმართება ცესკოს წევრობის დანარჩენ ორ კანდიდატთანაც - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილთან. ასევე კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტის მიერ დასახელებულ თენგიზ თევზაძეს და გიორგი კალანდარიშვილს.
სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე მიიღებს. ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის ახალი წესის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრებსა და ცესკოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. უფრო კონკრეტულად, პირველ ჯერზე კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა იქნება საჭირო. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა არ მოხდა, კანდიდატებს ხელახლა ეყრება კენჭი და არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.