როდესაც 100 ათასი რუსი სამხედრო მძიმე ტექნიკით მობილიზებულია უკრაინასთან და ლავროვი ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, დუმილი ყოვლად მიუღებელია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, რეზოლუციის ტექსტში ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციული ტერმინების ჩაწერის მცდელობა არ ყოფილა, არამედ რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს შესაძლო სამხედრო აგრესიას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.
„როდესაც 100 000 რუსი სამხედრო მძიმე ტექნიკით მობილიზებულია უკრაინასთან და ლავროვი ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს და ეუბნება, რომ ან უკან წაიღე ბუქარესტის 2008 წლის დაპირება საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ან მოქმედებაში მოვიყვან ჩემს სამხედრო შენაერთებს, ანუ დავიწყებ ღია სამხედრო მოქმედებებს, მაშინ საქართველოს მხრიდან დუმილი არა მხოლოდ უპრინციპობა და ამორალურობაა უკრაინელი ხალხის მიმართ, არამედ პრაგმატულად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელი, დუმილი ყოვლად მიუღებელია.
ეს არის აგრესია, ეს არის მათ შორის შესაძლო სამხედრო აგრესია, ეს არის შესაძლო შეჭრა და ამიტომ ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი.
მე ვიყავი ჩართული ამ რეზოლუციის ტექსტის შემუშავების მოლაპარაკებებში დასაწყისიდან ამ მომენტამდე და არანაირი პროვოკაციული ტერმინოლოგიის გამოყენება ჩვენი მხრიდან, არცერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, არცერთი ოპოზიციური ფრაქციის მხრიდან არ ყოფილა, ჩვენ უბრალოდ ვთხოვდით, რომ მომხდარიყო საქართველოს ეროვნული ბაზისური, პრინციპული ინტერესების გათვალისწინება და გამოგვეყენებინა საერთაშორისო ტერმინოლოგია, როგორიც მაგალითად არის მოყვანილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
ყველა პარტიული პოზიცია და დისკუსია გადავდეთ გვერდზე იმიტომ, რომ ჩავთვალეთ, რომ რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რუსეთი ემუქრება უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მოსალოდნელია შესაძლო სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან. ამას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ერთიანი პოზიცია და რეაგირება საქართველოს მხრიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.