ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, თამარ ყორიაული დაესწრო.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებს შორის. ყურადღება გამახვილდა კოვიდ-პანდემიის გამოწვევებზე, რომლებმაც აღნიშნული დარგების მდგომარეობაზე გავლენა მოახდინეს.
როგორც აღინიშნა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან მეტი მოგზაურის დასაინტერესებლად და ჩამოსაყვანად, მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა, რაც სამომავლოდ თითოეულ ქვეყანაში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების განვითარებას ხელს შეუწყობს.