პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რატომ გაიცა რეკომენდაცია, რომ უსიმპტომო პირების სისტემური ტესტირება აღარ განხორციელდეს.
ხუნდაძის თქმით, ეს საკითხი ტესტების მარაგს არ უკავშირდება და მიზეზი ისაა, რომ ტესტები მიზნობრივად კეთდებოდეს.
„ტესტების დეფიციტი არ არის. ეს არის სწორი მართვის მექანიზმი, რომ ტესტი მიზნობრივად კეთდებოდეს და არ იყოს ზედმეტი რეგულაცია, რაც არავითარ საქმიან შედეგს არ მოგვცემს. ეს იმიტომ კეთდება, რომ პროცესი სწორად იმართებოდეს და არა იმიტომ, რომ მხოლოდ ციფრები ფიქსირდებოდეს, რამდენი ტესტი გაკეთდა. ციფრებისთვის შესაძლოა, ათჯერ მეტი ტესტი გაკეთდეს, ხოლო შედეგისთვის უნდა გაკეთდეს იმდენი ტესტი, რამდენიც საჭიროა", - განაცხადა ხუნდაძემ.
ამასთან, მისი თქმით, თუ ადამიანს კორონავირუსის კლინიკური გამოვლინებები აქვს, უმჯობესია, რომ ტესტი გაიკეთოს.
„თუ ადამიანს კლინიკური გამოვლინება აქვს, მათ შორის ტემპერატურული რეაქცია ან სხვა ჩივილები, უმჯობესია, რომ ტესტი გაიკეთოს, რაც შეეხება კონტაქტებს, თუ ოჯახის წევრს აქვს ტესტით დადასტურებულია კოვიდი, აუცილებლობა, რომ სხვა ოჯახის წევრების შემთხვევაშიც ტესტით დადასტურდეს, არ არის",- განაცხადა ხუნდაძემ.