ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, პირადი მოურავი, შს მინისტრად წოდებული ვახტანგ გომელაური პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ მოქმედებებზე, რასაც სამწუხაროდ, მუნდირში გამოწყობილი კრიმინალები ჩადიან, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, პოლიციაში სისტემური პრობლემაა და პასუხისმგებლობის აცილება მხოლოდ ერთი პოლიციელის დასჯით ვერ მოხდება.
“ჩვენი მთავარი გზავნილია საზოგადოებისთვის, რომ “შემდეგი შეიძლება შენ იყო”. ეს არის მწამებელი სისტემა, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია. ლუკა სირაძე მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, რამდენიმე თვეში კი, კონკრეტული დამნაშავე, რომელზეც თვითონ პროკურატურამ თქვა, რომ დამნაშავეა და ბავშვზე ფსიქოლოგიურად იძალადა, გაათავისუფლეს იმის ნაცვლად, რომ კანონის შესაბამისად მოეხადა ამ ადამიანს პატიმრობა. ამ შემთხვევაში კამერაზე რომ არ აღბეჭდილიყო ის, რაც საზოგადოებამ ნახა, რა თქმა უნდა, შერჩებოდათ. ეს არ არის რიგითი პოლიციელების პრობლემა, ეს არის სისტემური პრობლემა, მწამებელი სისტემაა და ამიტომ ვითხოვთ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხს. ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, პირადი მოურავი, შს მინისტრად წოდებული ვახტანგ გომელაური პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ მოქმედებებზე, რასაც სამწუხაროდ, მუნდირში გამოწყობილი კრიმინალები ჩადიან. მუნდირს პატივს ვცემ, პოლიციელს პატივს ვცემ, მაგრამ კრიმინალებს არა", - აცხადებს ხაბეიშვილი.
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სამართალდამცავის მიერ შშმ პირზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ.