ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შესაძლებელი იქნება ტექსტის შეჯერება ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის მისაღებ დონეზე და ეს ტექსტი საგაზაფხულო სესიაზე ერთიან რეზოლუციაში აისახება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც დღეს უკრაინის შესახებ რეზოლუციის თაობაზე საპარლამენტო პარტიებს შორის კონსულტაციები უნდა დაიწყოს.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი მზადაა, რეზოლუციის ტექსტში ყველა ის ძირითადი მიმართულება გაითვალისწინონ, „რაც ქვეყნის სუვერენიტეტის შეუვალობასა და აგრესიის დაუშვებლობასთაანაა დაკავშირებული“.
„რესურსი აშკარად არის და ამ რესურსის არსებობას განაპირობებს ის ფაქტორი, რომ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, პოლიტიკოსი თანხმდება იმაზე, რომ სუვერენული სახელმწიფოს უფლებები შელახული არ უნდა იყოს. შესაბამისად, ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოს მიმართ არანაირი აგრესია არ უნდა განხორციელდეს. ის ფაქტორი, რომ უკრაინა ჩვენთვის ახლოს მდგომი მოძმე ერი და სახელმწიფოა და რომ მისი ინტერესები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები ფაქტობრივად აღიქმება როგორც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, ამაზე ყველა ვთანხმდებით. პროცესი დღეს მოლაპარაკებებში და განხილვებში გადავა და პოლიტიკური ჯგუფები დისკუსიას გამართავენ. ტექსტი, რომელზეც პოზიციები უნდა შეჯერდეს, ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. მზად ვართ და ღია ვართ, რომ ყველა ის ძირითადი კონკრეტული მიმართულება იქნას გათვალისწინებული, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის შეუვალობასთან, აგრესიის დაუშვებლობასთანაა დაკავშირებული. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შესაძლებელი იქნება ტექსტის შეჯერება ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის მისაღებ დონეზე და ეს ტექსტი საგაზაფხულო სესიაზე ერთიანი რეზოლუციის სახით აისახება. საქართველო კიდევ ერთხელ გააჟღერებს ურყევ პოზიციას უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემის”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი განწყობილია, რომ რეზოლუციის ტექსტზე რაც შეიძლება სწრაფად შეთანხმდნენ.
„მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულია ყველა ის ნაბიჯი, რაც შეიძლება სწრაფად შევთანხმდეთ ტექსტზე, ღია ვართ ამ პროცესისადმი, კონსულტაციების მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციის მოთხოვნაა, რეზოლუციაში რეკომენდაციები გაიწეროს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, მიქანაძის თქმით, „ეს მოლაპარაკების საკითხია“.
„მთავარი კომპონენტი, რაზეც აქცენტირებაა, ყველა ვთანხმდებით, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენთვის აგრესია დაუშვებელია. დანარჩენი საკითხი, რა აღმოჩნდება რეზოლუციაში და რა - არა, ეს დეტალური განხილვის საკითხია და უნდა დაველოდოთ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკებებს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
კითხვაზე, მომხრეა თუ არა მმართველი გუნდი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად უახლოეს მომავალში უკრაინაში გაემგზავროს, მიქანაძე ამბობს, რომ თუ საჭიროება იქნება, ამ საკითხს განიხილავენ.
„თუ ამის საჭიროება იქნება, განვიხილავთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ ასეთ ვიზიტზე იქნება საუბარი, ეს არ უნდა იყოს ვიზიტი ვიზიტისთვის. თავად უკრაინული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გამოხატულია ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი. თუ ვიზიტის საჭიროება გამოჩნდება, უნდა განვიხილოთ, რას ემსახურება ეს ვიზიტი. რამდენად იქნება ამის საჭიროება, იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.