საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, განიხილეს ასევე, მედია გარემო, თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობა.
„ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა კომისრის მხრიდან უფლებადამცველთა და მედიის წარმომადგენელთა მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელთა მიმართაც ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ზეწოლა და თავდასხმები.
საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმებას. სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს”, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.