პატარა ბიჭი და მისი გმინვა სინამდვილეში არის ქართველი ხალხის გმინვა, ხოლო ის მწამებელი პოლიციელი, რომელმაც ყრუ-მუნჯი ბიჭი აწამა და ცემა, ხართ თქვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზვიად კუპრავამ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელი ფაქტის შემდეგ, მკაფიო პარალელი გამოიკვეთა ქართველ ხალხსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შორის.
„გუშინ ყველამ მოვისმინეთ გმინვა იმ პატარა ყრუ ბიჭის, რომელიც უმოწყალოდ ცემა და აწამა პოლიციამ. არასდროს ასე მკაფიო არ ყოფილა პარალელი ქართველ ხალხსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შორის. ეს პატარა ბიჭი და მისი გმინვა სინამდვილეში არის ქართველი ხალხის გმინვა და საქართველოს ხმა, ხოლო ის მწამებელი პოლიციელი, რომელმაც აწამა და ცემა ყრუ-მუნჯი ბიჭი, ხართ თქვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ეს პარალელი შემიძლია ძალიან მკაფიოდ გავავლო“, - განაცხადა კუპრავამ.
ზვიად კუპრავას განცხადებას საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან," ვლადიმერ ბოჟაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ მსგავსი გამოსვლა არაკორექტულია.
„ძალიან არაკორექტულია. დამერწმუნეთ, ასეთი კომენტარები არაფერში არ ჯდება. ეს არის სირცხვილი. გამოდიხართ, იწყებთ მაღალფარდოვანი სიტყვებით, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ისე დაიწყეთ, ისეთი შეურაცხყოფა მოგვაყენეთ, რომ აღარ არის საინტერესო, რა უნდა თქვათ ამის მეტი?! - ვისთვის არის მისაღები გუშინდელი ფაქტი?!“, - მიმართა ბოჟაძემ კუპრავას.
ზვიად კუპრავას თქმით, მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს საღი აზრი დარჩა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოთ. ეს იქნება ყველაზე სწორი და ადეკვატური პასუხი იმ ქმედებაზე, რაც გუშინ შს სამინისტროს თანამშრომელმა გააკეთა“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ცნობისთვის, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.
კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ.
ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.