გვაქვს ერთადერთი ბუნებრივი მოლოდინი - საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ყველაფერი სამართლიანად და კანონის სრული დაცვით მოხდა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორმა ადრეც დაანონსა, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა.
„ეს არის მისი უფლება და შესაძლებლობა. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხს, მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენ ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. პროცესი ნამდვილად გამართული იყო", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.
გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების (იმ ნორმების) კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას.