„ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩამოშლის პირას, ამის ცხადი მაგალითია შიდაპარტიული უთანხმოებები, ნიკანორ მელია უკვე ფორმალურ თავმჯდომარედ გადაიქცა, მთელი სადავეები ხელში რუსული ბიზნესიდან აღმოცენებულ კობა ნაყოფიას გადასცეს, რომელიც უპირობოდ ასრულებს პატიმარ სააკაშვილის ნებისმიერ ახირებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად დესტრუქციულ დღის წესრიგზეა ორიენტირებული და პარლამენტში შესვლა იმისთვის სჭირდებათ, რომ დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციებს ვერ მართავენ. მიქანაძე აცხადებს, რომ მათ დესტრუქციის და პროვოკაციის საშუალებას პარლამენტის შენობაში არ მისცემენ.
„რა თქმა უნდა, თუ შემოვლენ კარგი იქნება, რომ დაიკავონ კუთვნილი ადგილი იმ მოქალაქეების ხმის გასაჟღერებლად, რომლებმაც მანდატი მისცეს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისინი ამას მხოლოდ დესტრუქციის გასაგრძელებლად გამოიყენებენ. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ მათ მიერ დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქციები ვერ იმართება, რადგან საზოგადოებაში მათ ფაქტობრივად აღარ აქვთ მხარდაჭერა. თუ შემოვიდნენ, უნდა იცოდნენ, რომ დესტრუქციის და პროვოკაციის უფლებას აქ მათ არავინ მისცემს, რადგან ქართველი ხალხის ინტერესები უმაღლეს დონეზეა განხილული ამ შენობაში და თითოეული სხდომა და შეხვედრა არის იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება გაიზარდოს და მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ვიმსჯელოთ და არა იმ დესტრუქციაზე რაც „ნაციონალური მოძრაობის" ვიწროპარტიული ინტერესია იმისთვის, რომ დაიბრუნონ ხელისუფლება”, - განაცხადა მიქანაძემ.