„ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფილირებული ორგანიზაციების მცდელობა, რომ როგორც ხავსჩაჭიდებულები ამა თუ იმ კონკრეტულ, კერძო შემთხვევას ჩაუსაფრდნენ და ეცადონ, კონკრეტული ინციდენტიდან პოლიტიკური მოთხოვნები დააყენონ, ცუდი და წარუმატებელი მცდელობაა - სისტემურ დანაშაულთან სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული ორგანიზაციები ასოცირდებიან, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა მეტროსადგურში, პოლიციელის მიერ არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის ფაქტთან დაკავშირების დასმულ კითხვას.
ტალიაშვილმა დღეს განაცხადა ისიც, რომ მსგავსი შემთხვევები მსოფლიოს ყველაზე უფრო ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება და სახელმწიფო მასზე რეაგირებს.
ტალიაშვილის მტკიცებით, სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულთა მიმართ "ქართული ოცნების" ხელისუფლება განსაკუთრებით მკაცრია.
""ჩვენ ეს ძალიან ბევრ შემთხვევაში დავინახეთ. გამონაკლისი არც ეს ინციდენტია. მოხდა მძიმე ფაქტი, რაზეც სახელწიფოს უმკაცრესი რეაგირება ექნება. მოძალადე სამართალდამცავები უკვე დაკავებული არიან. ყველა ჯერზე, როცა მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, სახელმწიფოს რეაგირება უმკაცრესი და დროული იქნება", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ "არაადამიანური მოპყრობა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების სახე და სიმბოლო იყო".