„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფისამდე ფეხით მსვლელობა ლოზუნგით "მწამებელი სისტემა" გამართეს და უწყების შენობასთან გადაინაცვლეს.
აქციაზე იმყოფებოდნენ შშმ პირების მშობლებიც, რომლებიც შს მინისტრისგან განცხადების გაკეთებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა კონკრეტული მოთხოვნები გააჟღერეს.
მათი თქმით, უნდა დადგეს იმ პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის მხრიდანაც თბილისის მეტროპოლიტენში, სავარაუდო დანაშაულს ჰქონდა ადგილი. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზეც.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აღნიშნული საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, მომავალში გაგრძელდება და არ გამორიცხავს, რომ აქცია ხვალაც გაიმართოს.
შეგახსენებთ, 24 იანვარს თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე ფაქტის მოკვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.
შსს განცხადებაში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს, რომ უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.