ეს გლობალური ომი რომ წარიმართოს, ჩვენ რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს არ ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენ ვართ ამ ბანაკში და მეტსაც გეტყვით, უკრაინაზე ვართ მიბმული, რაც მოხდება უკრაინაში ის განმეორდება საქართველოში რაღაც პატარა პაუზით, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ არის მკვეთრად გამოხატული პროდასავლური პოზიციების მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ ისინი „მეთავისეები არიან“.
„მათთვის ერთადერთი ფასეულობა ძალაუფლებაა, ვინც ამ ძალაუფლების დამყარებაში დაეხმარება იქით იქნებიან. ამას დასჭირდება, რომ იყვირონ - გაუმარჯოს ნატო-ს? იყვირებენ - გაუმარჯოს ნატო-ს. დასჭირდება, რომ იყვირონ - გაუმარჯოს წითელ არმიას? იყვირებენ -გაუმარჯოს წითელ არმიას. ეს არ არის მკვეთრად გამოხატული პროდასავლური პოზიციების პოლიტიკური ორგანიზაცია. არც პრორუსია, რასაც ოპოზიცია აბრალებს. მეთავისეები არიან და შესაბამისად, მათი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ასეთია. იქ დიდი ბიძიები რაღაცას ჩხუბობენ ხომ? მოდით, ჩვენ მივყვეთ დინებას, რომელ ნაპირზეც გაგვრიყავს ეს დინება იქ ვიქნებით, მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგად“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ იწვევს პრემიერ-მინისტრი უსაფრთხოების საბჭოს, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ მათ „საერთოდ არ აინტერესებთ ეს მიმართულება, არც იციან, არც ესმით რა ხდება“.
„მე კარგად ვიცნობ და იმაზე მეტს ნუ მოსთხოვთ ადამიანს ინტელექტუალურად. თითქოს ღარიბაშვილი საერთოდ ხვდება რა ხდება სამყაროში. არ გახსოვთ უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თავის დროზე ვინ იყო? - ჭიკაიძე დანიშნეს. საერთოდ არ აინტერესებთ ეს მიმართულება, არც იციან, არც ესმით რა ხდება. ისინი თვლიან, რომ რაც იქნება, იქნება, იმას მოვერგებით. რა უშიშროების საბჭოს სთხოვთ და გეოპოლიტიკურ პროცესებში გარკვევას, ვის სთხოვთ?“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.