ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების უფროსების თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება ლონდა თოლორაიასაც შეეძლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების უფროსების თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება ლონდა თოლორაიასაც შეეძლება.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ლონდა თოლორაია სურვილის შემთხვევაში კონკურსში მონაწილეობას, ოხანაშვილი აცხადებს, რომ „დღეს მოქმედ ხელმძღვანელს ამის სრული სრული უფლება აქვს, ისევე როგორც სხვა პირს“.

მისი თქმით, კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება და გამოცდილება უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

როგორც მან აღნიშნა, საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა.

„პირველი მარტიდან უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ორი ახალი სამსახური იქმნება - პერსონალური მონაცემების დაცვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. შინაარსობრივი თვალსაზრისით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კომპეტენციები გაუფართოვდა და იმაზე მეტ საქმეებზე მოუწევს გამოძიების წარმართვა, ვიდრე აქამდე. პროცესი იცით, რომ წარიმართება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობის ფარგლებში, შეიქმნება კომისია, წევრებად განსაზღვრული არიან როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ეს კომისია უკვე შედგა, ამ კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. ამ კომისიაში შედის სახალხო დამცველის წარმომადგენელი და სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი. მათი ჩართულობა უზრუნველყოფილია, კომისია იმუშავებს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და კანდიდატებს მისცემს ვადას, რომ წარმოადგინონ დოკუმენტაცია. ეს პროცესი უნდა დასრულდეს პირველ მარტამდე, ხოლო რაც შეეხება მოთხოვნებს, კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება, გამოცდილება უფლებების დაცვის თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, იქნება ბევრი მსურველი და შესაბამის კომპეტენციაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდება ახალი კანდიდატის შერჩევა, ჯერ კომისიის ფარგლებში, შემდგომ კი ეს პროცესი გადმოინაცვლებს პარლამენტში, როცა პრემიერი წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებს. ცვლილებები რაც ჩვენ განვახორციელეთ, სავსებით ლეგიტიმურად ყველას აძლევს შესაძლებლობას, რომ შეიტანონ კონკურსში განაცხადი, დღეს მოქმედ ხელმძღვანელს თუ სხვა პირს სრული უფლება აქვს კანონის შესაბამისად შემოიტანოს განაცხადი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილი ასევე გამოეხმაურა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს და აღნიშნა, რომ მოსმენა ამ კვირაში გაიმართება.

„ამ კვირაში ვგეგმავთ ჩავნიშნოთ კომიტეტი და მოვუსმინოთ თითოეულ კანდიდატს, ვისურვებ ოპოზიცია ჩაერთოს საქმიანად და შინაარსობრივად, მანდატი რაც მინიჭებული აქვთ, გამოიყენონ შინაარსობრივი თვალსაზრისით, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის კომიტეტის ფარგლებში, დაველოდოთ მათ პოზიციას და გამოიკვეთება მათი მზაობა საქმიანად მიუდგნენ ამ პროცესს თუ ეცდებიან პოლიტიკური სპეკულაციებით, თუმცა უარგუმენტოდ გავიდნენ ფონს ისევე, როგორც წინა შემთხვევაში იყო ეს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად 2 საკონკურსო კომისია შეიქმნა.

რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა