უკრაინის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს უსაფრთხოების დაცვას ნიშნავს , - აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ უკრაინის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავა განმარტავს, ოპოზიცია მმართველ გუნდს ერთობლივი 4 ინიციატივით მიმართავს.
„საქართველოს და უკრაინის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლება ერთმანეთზე გადაჯაჭვულია, ეს უნდა გავაცნობიეროთ და აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ ჩვენი მორალური ვალდებულებაა, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყნის, არამედ, პრაგმატულად სწორი პოლიტიკაა, რადგან უკრაინის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს უსაფრთხოების დაცვას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ერთობლივი ინიციატივით მივმართოთ მმართველ გუნდს და აღნიშნულთან დაკავშირებით, კონკრეტული 4 ინიციატივა გაჟღერდა დღეს პარლამენტში, მათ შორის, ერთობლივი რეზოლუცია, საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლა საკომიტეტო განხილვაზე, უსაფრთხოების საბჭოს შეკრება გაფართოებულ ფორმატში, სადაც მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას და ერთობლივი ვიზიტის დაგეგმვა უკრაინაში.
იმედი გვაქვს, ამ დრომდე დუმილის და უმოქმედობის მიუხედავად, ახლა მაინც უპასუხებს პოზიტიურად ხელისუფლება ჩვენს ამ კონკრეტულ ინიციატივებს და გააცნობიერებს, რომ ეს შედის მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებში.
რა თქმა უნდა, ინიციატივა სწორედ სახელისუფლებო გუნდმა უნდა აიღოს მსგავს სიტუაციებში და უნდა გააცნობიეროს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რა არის სწორი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, ახლა იმაზე მნიშვნელოვანი, ვეძიოთ, ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი, იქნება ის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და შემოუერთდნენ ძალიან კონკრეტულ, ქმედით, საქმიან და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომელიც დღეს გაჟღერდა.
კიდევ ერთი, ინიციატივა, რომელიც უკრაინის ელჩთან შეხვედრისას გავაჟღერეთ, იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში, რომელიც ვფიქრობთ, დაადასტურებდა უმაღლეს დონეზე საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელიც თავისთავად, ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა გამოწვევების დროს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.