არ მინდა, ვინმეს დავამადლო, მაგრამ ბიუჯეტებს თუ შევხედავთ, 2012 წელს მხოლოდ განსახლებისთვის 28 მილიონი იყო, 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმა კი 320 მილიონი იყო - თუნდაც ეს მშრალი ციფრები აჩვენებს, რომ სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს, რათა დევნილებს მხარში ამოუდგეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა დავით სერგეენკომ დევნილების განსახლების პრობლემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებით მკაფიო განცხადება გაკეთდა, რომ მათ საცხოვრებელი ბინები მომავალ წელს გადაეცემათ, მანამდე კი ხელისუფლება მათ ბინის ქირის თანხით დააკმაყოფილებს.
“რაც შეეხება ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებ ადამიანებს, დღეს მკაფიო განცხადება გაკეთდა, რომ მათ საცხოვრებელი ბინები მომავალ წელს გადაეცემათ და იქამდე, სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ ისინი ბინის ქირით იქნებიან დაკმაყოფილებულები. მეტიც, თუ ისინი ნახავენ აშენებულ, მაგრამ დაურეგისტრირებელ ბინას, სახელმწიფო შეძენაში დაეხმარება. ეს მკაფიო განცხადებაა და ვფიქრობ, ამ ადამიანებისთვის დიდი შვება იქნება.
როდესაც დევნილებზეა საუბარი, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მათი სოციალური მდგომარეობა და სოციალური ხელშეწყობის საჭიროება იყოს გათვალისწინებული, არამედ უდიდესი სტრესი, რომელიც გადაიტანეს - სიკვდილს ჩახედეს თვალებში, როდესაც დაკარგეს (იმედია დროებით) ის, რაც დაკარგეს. რაც შეეხება დევნილებს, არ მინდა, ვინმეს დავამადლო, მაგრამ ბიუჯეტებს თუ შევხედავთ, 2012 წელს მხოლოდ განსახლებისთვის 28 მილიონი იყო, 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმა კი იყო 320 მილიონი. ამ პერიოდის განმავლობაში 27 ათასმა დევნილმა მიიღო საცხოვრებელი ბინა. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ თუნდაც ეს მშრალი ციფრები აჩვენებს, რომ სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს, რათა ამ ადამიანებს მხარში ამოუდგეს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.