პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა დაიწყო, შეიძლება აშინებდეს იმ ადამიანებს ან იმ ჯგუფებს, რომლებსაც ეშინიათ საკუთარი ნამოქმედარის გამო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული დღევანდელი შეხვედრა საინტერესო და პროდუქტიული იყო.
„ნებისმიერ ჩვენგანს, ვინც ან პროცესში ჩავერთვებით ან პოზიტიურ განწყობას გამოვხატავთ, ჩვენი პირადი კონტრიბუცია გვექნება, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ. ასევე ამ შეხვედრაზე მკაფიოდ გაჟღერდა, რომ არ შეიძლება ცრუ მოლოდინების შექმნა, თითქოს ეს პროცესი რადიკალურ ცვლილებებს დღეს ან უახლოეს მომავალში მოგვცემს, თუმცა, ეს იქნება გარკვეულწილად სწორი მორალური ჩარჩოების, სწორი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების დასაწყისი, რომელზეც რაც მთავარია, საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები შეთანხმდებიან. ამიტომ, პროცესს ნამდვილად პოზიტიურად შევაფასებ.ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს არ წარმართავენ პოლიტიკური პარტიები, ეს იქნება მაქსიმალურად დაცლილი ამ პარტიების მონაწილეობისგან. ნებისმიერი ადამიანის ჩართულობა მხოლოდ და მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ გარკვეული ეროვნული თანხმობა შედგეს ისტორიაში არსებულ სხვადასხვა ფაქტებსა და მოვლენებზე",-განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, არასწორი ინტერპრეტაციაა, თითქოს პროცესი დანაშაულის პატიებას გულისხმობს.
"პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა დაიწყო, გულისხმობს ეროვნულ თანხმობას სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებზე, მათ შორის ეს იქნება 7 ნოემბერი თუ სხვა წინა პოლიტიკური მმართველობის დროს, მათ შორის დღემდე არსებული ყველა მოვლენა, რომელსაც საზოგადოება და ამ დისკუსიებში მონაწილე მხარეები შეარჩევენ და გადაწყვეტენ, რომ ამა თუ მოვლენაზე შეგვიძლია საზოგადოება შევთანხმდეთ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ წითელი ხაზები, რომელზეც შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს ან სხვა პარტიები, ამ შემთხვევაში ქმედითი ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან წარმართული პროცესი, მასში პოლიტიკური პარტიების არ მონაწილეობაც ვერ იქნება გადამწყვეტი. ამ პროცესს წარმართავს პრეზიდენტი საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად",-განაცხადა წილოსანმა.