„ნაციონალურ მოძრაობას” აქვს არა მხოლოდ პარტიული, არამედ იდეოლოგიური კრიზისი - პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ „ნაციონალური მოძრაობის” მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულს ქვემოთაა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა,”ნაციონალური მოძრაობის”, როგორც დესტრუქციული ძალის არჩევანი, საკუთარი პოლიტიკური მიზნების ფსევდორევოლუციებით მიღწევაა.
„ნაციონალურ მოძრაობას” აქვს არა მხოლოდ პარტიული, არამედ იდეოლოგიური კრიზისი. ამ დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალამ გაცვითა და მოცვითა ყველაფერი, თუ რამე შეეძლო ქვეყნისთვის კონსტრუქციულად დადებითად შეეთავაზებინა და ეს ყველაფერი ძალიან ცხადად გამოჩნდა თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, მათი კრიმინალი ბელადის ჩამობრძანების და იმ პროცესების შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში. რეალურად პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ “ნაციონალური მოძრაობის” მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულს ქვემოთაა. ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისა და საპარლამენტო რესპუბლიკის წარმომადგენლისთვის, უმჯობესია ოპოზიციასთან მქონდეს შესაბამისი პოლიტიკური ბატალიები საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის არჩევანია, რომ არა პოლიტიკური პროცესებით, არამედ ფსევდორევოლუციებით, ფსევდობელადების თაყვანისცემით მიაღწიონ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. საქართველოში ძალიან ხშირად, 2012 წლიდან დღემდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე დადასტურდა, რომ მათ ეს, ცხადია, არ გამოსდით”,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამასთან, მათიკაშვილმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები მმართველი გუნდის წევრებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. მისი თქმით, “რაც არ უნდა მოიფიქრონ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, სინამდვილეში ცდილობენ რაიმე სახით მოძებნონ ე.წ. გამართლება თავისი არა მხოლოდ პოლიტიკური და პატრიოტული, არამედ ერთგულების კუთხით არსებული პრობლემებისა”.
“გახარიას გადადგომის დღიდან, მუდმივად ვამბობდით, რომ საეჭვოდ იკვეთება ალიანსი გახარიას პარტიასა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ დადასტურდა. ბოლო მოვლენები, რომელიც სამეგრელოში განვითარდა, ადასტურებს, რომ რეალურად ეს ორი ძალა - დესტრუქციული “ნაციონალური მოძრაობა” და მოღალატეობის გზაზე დამდგარი გახარიას პარტია, ნამდვილად თანამშრომლობს. რაც შეეხება ე.წ. ზეწოლებს, რომელიც ამა თუ პარტიების სპიკერების მხრიდან მომდინარეობს - ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რასაც ვაცხადებთ, ის ყველაფერი უნდა დავამარცხოთ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა რა ინსინუაციებიც არ უნდა მოიგონონ, ისინი ვერ გაექცევიან საზოგადოებრივ გაკიცხვას იმ კონტექსტით, რომ ისინი დიახ, ყველაზე დესტრუქციულ ძალასთან თანამშომრომლობენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.