საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესის მიზანი ყველასთვის ცხადი უნდა იყოს.
როგორც მან პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა პოლარიზაცია და კრიზისის დაძლევის გზები იქნება.
„პოლიტიკური რადიკალიზმი, მედიის მიერ შექმნილი დღის წესრიგი განსაკუთრებით უწყობს ხელს ამ რადიკალიზმს და დაპირისპირებას. რიგ შემთხვევაში, წესით ნეიტრალურ მხარედ უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ამიტომ, თუ გვსურს, რომ ეს პროცესი შედეგიანად დავასრულოთ, რა თქმა უნდა, ყველა ამ კომპონენტში მონაწილე მხარემ, განსაკუთრებით რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ყველა სხვა მხარემ ერთობლივად უნდა გააცნობიეროს ეს პროცესი. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესით არ მოხდეს არავის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა. თუ თანხმობაზეა საუბარი, აუცილებლად ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ფართო ჩართულობით, თუ ვის, რა შეიძლება ეპატიოს, როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური გადმოსახედიდან",-განაცხადა წილოსანმა.
მან განმარტა, რომ ამაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გულისხმობს, რაც ნინო წილოსანის შეფასებით, ყველა ჩართული მხარის პასუხისმგებლობაა.