„ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს, რათა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის არჩევა კონსენსუსით მოხდეს და ამით არჩევნების მიმართ ნდობა გაიზარდოს.
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, მოლოდინი აქვს, რომ „ქართული ოცნება" ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ გიორგი კალანდარიშვილს აირჩევს, თუმცა თუ მმართველი პარტია მხარს მეორე კანდიდატს დაუჭერს, ფიქრობს, რომ მას უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება.
„მოლოდინი მაქვს ძალიან კონკრეტული, რომ ბატონი კალანდარიშვილის არჩევა მოხდება „ქართული ოცნების" მხრიდან, რათა შეინარჩუნონ სტატუს-კვო ცესკოში. მათი ინტერესი არ არის ოპოზიციასთან შეთანხმებული კანდიდატის დანიშვნა, რასაც ითვალისწინებდა შარლ მიშელის დოკუმენტიც. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება არანაირ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს, რათა გარკვეული შეთანხმება მოხდეს მნიშვნელოვან საკითხებზე და გაიზარდოს არჩევნების მიმართ ნდობა, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონსენსუალური კანდიდატის არჩევით",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესში "ნაციონალური მოძრაობა", ბოკუჩავა ამბობს, რომ პარლამენტში ყოფნის შემთხვევაში ჩაერთვება.
"პარლამენტში თუ ვიქნებით, ჩავერთვებით პროცესში, თუმცა არ ვვარაუდობთ, რომ რაიმე ტიპის პროცესი იქნება წინმსწრები იმ საბოლოო გადაწყვეტილებისა, რომელსაც "ქართული ოცნება" მიიღებს კალანდარიშვილის პოსტზე დატოვებით.
თუ "ქართულიოცნება" კალანდარიშვილის ნაცვლად მხარს დაუჭერს მეორე კანდიდატს, რომელსაც ვფიქრობ, შესაძლებელია უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს, მათ შორის ოპოზიციური ჯგუფების, მზად ვიქნებით, რომ აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის იდეასთან დაკავშირებით პარტიებთან შეხვედრები განაახლა, ბოკუჩავა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ მზად არის, კრიზისის დაძლევისა და პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებისთვის ნებისმიერ პროცესში ჩაერთოს.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა.