"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საქმიანობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ფრაქციის სხდომაზე უახლოეს დღეებში მიიღებს.
ამასთან, როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ ისაუბრა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე, რაც საპარლამენტო საქმიანობას ითვალისწინებს და მისი პარტიის პოზიციაა, რომ ასეთ ზეპარტიულ საკითხებზე ყველა პლატფორმა გამოიყენონ.
"დღეს ვისაუბრეთ კონკრეტულ ინიციატივებზე უკრაინასთან მიმართებით, რომელიც გულისხმობს მათ შორის საპარლამენტო ფორმატის გამოყენებას, როდესაც საუბარია ერთობლივ რეზოლუციებზე უკრაინის საკითხზე, ასევე ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებისა და მინისტრების პარლამენტში დაბარებაზე. საუბარი იყო ერთობლივ ვიზიტზე უკრაინაში, ისევე როგორც უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებაზე, სადაც საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა პირველი ორი ფორმატი უშუალოდ ითვალისწინებს საპარლამენტო მუშაობას და შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციაა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მართლაც ზეპარტიული და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ. გიდასტურებთ, რომ უახლოეს დღეებში გვექნება ფრაქციის სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ როგორც წარსულში, ახლაც განხილვის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციის ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესაძლო შესვლას აკრიტიკებს, ბოკუჩავა ამბობს, რომ "პოლიტიკის კეთება გულისხმობს ყველა შესაძლებლობის გამოყენებას რათა მიაღწიონ ლეგიტიმურ მიზანს, რაც ამ შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილებას გულისხმობს".
"ამ მიზნით, გაერთიანებულია პროდასავლური ოპოზიცია, ამიტომ, ვისურვებდი, რომ თუ ყველა ნაბიჯში არა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში კოორდინაცია მუდმივად შევძლოთ. ახლა საპარალამენტო ტრიბუნის გამოყენება ჩვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქცია გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.