სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში გაემგზავრება. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 25-27 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოში შეხვედრები გაიმართება მაღალი რანგის პირებთან, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტთან.
"25-27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრება, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ძირითადი აქცენტები გაკეთდება მართლმსაჯულების, მედია გარემოს, თანასწორობის და სხვა დემოკრატიულ პროცესებზე.დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან რობერტ სპანოსთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან კლერ ბაზი მალორისთან, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივანთან რეჟის ბრილატთან და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე სხვა მაღალი თანამდებობის მქონე პირებთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.