რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ

უკრაინისა ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების წინ კიევსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ასევე მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინაში მოღვაწე ქართველ პოეტს, მთარგმნელს, პუბლიცისტს, დიპლომატს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, რაულ ჩილაჩავას ესაუბრა.

- ბატონო რაულ, მას შემდეგ, რაც კრემლმა დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა, საერთაშორისო ურთიერთობებში ვითარება საკმარისზე მეტადაა დაძაბული. „ცივი ომისშემდეგ მსოფლიო ასეთი რთულ ვითარებაში რომ არ ყოფილა, ფაქტია.

კრემლი ვაშინგტონისა და დასავლეთისგან პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლს ღიად, უხეშად და უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების მზადების ფონზე კატეგორიულად და დაჟინებით მოითხოვს. მოსკოვის ულტიმატუმს კოლექტიურმა დასავლეთმა ასევე კატეგორიული უარით უპასუხა.

დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთის ულტიმატუმიდან არც ერთი პუნქტი არ შესრულდება. ამგვარი განცხადებების ფონზე მოსკოვიდან მაინც ისმის საუბრები იმაზე, რომ არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში არ უნდა იყოს ნატო, არამედ ატლანტიკური ალიანსი უნდა დაიშალოს, მეტიც ევრაზიული სივრცის ერთადერთი ბატონ-პატრონი მოსკოვი უნდა იყოს.

ასეთი ტიპისა და მასშტაბის არა მხოლოდ განცხადებების დონეზე, არამედ მოქმედებების თვალსაზრისითაც დაპირისპირება რომ უკვალოდ არ ჩაივლის, უკვე თითქოს ცხადზე უცხადესია, მაგრამ, სანამ იმაზე გთხოვდით თქვენი მოსაზრებების ჩვენთვის გაზიარებას, თუ რა ხდება რუსული აგრესიის საფრთხის მყოფ უკრაინაში, ალბათ სწორი იქნება თუ თქვენთან, როგორც დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანთან საუბარს იმით დავიწყებთ, თუ რა ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში.

როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ვაშინგტონსა და რუსეთს, ევროპასა და რუსეთს შორის ხდება?

- ისე ვერ გავკადნიერდები, რომ თავს ვიდო მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე საერთაშორისო ურთიერთობათა შეფასება, მაგრამ რამდენადაც დღეს მათი ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი სწორედ უკრაინა-რუსეთის გარშემო შექმნილი ვითარებაა, რომელშიც ჩართულია აშშ, ევროკავშირი და ნატო, შევეცდები მოვლენებს ამ კონტექსტიდან შევხედო.

თქვენ მკაფიოდ წარმოაჩინეთ ის ფონი, რომელზეც მიმდინარეობს რუსეთის უპრეცედენტო დაპირისპირება დასავლეთთან, რაც გავლენის სფეროთა მკვეთრად გადანაწილების მცდელობაში გამოიხატება. მსგავსი ულტიმატუმი ასე აშკარად და ცალსახად თვით სტალინსაც არ წაუყენებია ვინმესთვის თავისი მილიტარისტული ზეობის ჟამსაც კი.

ოპონენტების მხრიდან მსგავს სითავხედეს მიუჩვეველი ვაშინგტონი თავიდან თითქოს დაიბნა, მაგრამ ამჯერად ვხედავთ, რომ იგი არ აპირებს რაიმე დათმობაზე წასვლას. განხეთქილების ვაშლი უკრაინაა, რომელიც რუსეთს არა მხოლოდ საკუთარი გავლენის სფეროდ, არამედ საკუთარ ტერიტორიად მიაჩნია.

საქმე გვაქვს კრემლის მიერ ინსპირირებულ გლობალურ დიპლომატიურ კრიზისთან, რომლის მოგვარების ალტერნატივად სულ უფრო ხშირად სახელდება რუსეთის პირდაპირი ინტერვენცია უკრაინაში, რასაც შესაძლოა დიდი გეოპოლიტიკური ძვრები მოჰყვეს.

საქმე გვაქვს კრემლის მიერ ინსპირირებულ გლობალურ დიპლომატიურ კრიზისთან, რომლის მოგვარების ალტერნატივად სულ უფრო ხშირად სახელდება რუსეთის პირდაპირი ინტერვენცია უკრაინაში, რასაც შესაძლოა დიდი გეოპოლიტიკური ძვრები მოჰყვეს

ამავე დროს აშკარაა, რომ უკრაინას არ სურს ომი რუსეთთან. სწორედ ამიტომ გადადგა მან მეტად საეჭვო ნაბიჯი და პრეზიდენტად აირჩია პოლიტიკური გამოცდილების სრულიად არმქონე კლოუნი, რომელიც ამტკიცებდა - მთავარია, შევწყვიტოთ სროლა და კონფლიქტი რუსეთთან დამთავრდებაო.

სცადა სროლის შეწყვეტა, მაგრამ კონფლიქტი კი არ დასრულდა, პირიქით, ნამდვილი ომის საფრთხეში გადაიზარდა.

- იმაზე, თუ რატომ შეარჩია კრემლმა დასავლეთზე, როგორც მოსკოვში ამბობენგადამწყვეტი იერიშის მიტანისდროდ, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერი, ბევრი ითქვა და დაიწერა.

ზოგი თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კრემლის გააქტიურება ქვეყნის შიგნით, უპირველესად კრემლთან დაახლოებულ ელიტებში პუტინის პოზიციების შერყევას უკავშირდება.

ზოგი, პირიქით, თვლის, რომ მისი პოზიციები იმდენად ძლიერია, მას ახლა გაუჩნდა ამბიცია ისტორიაში, როგორც არა სსრკ- აღმდგენის, არამედ რუსეთის იმპერიის აღმდგენის სახელით შევიდეს. მას კი ამისთვის დრო ბევრი არ აქვს და ესაა ყველაფრის მიზეზი.

დასავლეთის მიერ კრემლის ულტიმატუმის მიღების ვადებად მოსკოვს ჩინეთში ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე დრო აქვს განსაზღვრული. ოლიმპიადა ჩინეთში 4 თებერვალს უნდა გაიხსნას. ანუ, დრო სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება.

სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ კრემლმა შეტევაზე გადასვლის დროდ 2022 წელი შეარჩია?

- კონსპიროლოგიურად თუ ვიმსჯელებთ, არის თქვენს ვარაუდში ჭეშმარიტების მარცვალი, აკი 2008 წლის აგვისტოშიც პეკინის ოლიმპიადა მართალია, საზაფხულო მიმდინარეობდა.

თქვენი არგუმენტები სრულიად ლოგიკურია, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ უკრაინა პუტინისთვის არის იდეა-ფიქსი და იგი ცდილობს ნებისმიერ ფასად არ დაუშვას მისი ნატოში გაწევრიანება ანუ ე.წ. "რუსული სამყაროდან" საბოლოოდ მოწყვეტა და მოწინააღმდეგე ბანაკში გადაბარგება.

უკრაინა პუტინისთვის არის იდეა-ფიქსი და იგი ცდილობს ნებისმიერ ფასად არ დაუშვას მისი ნატოში გაწევრიანება ანუ ე.წ. "რუსული სამყაროდან" საბოლოოდ მოწყვეტა და მოწინააღმდეგე ბანაკში გადაბარგება

შეუძლებელია კრემლის ახლანდელ "ხაზეინს" არ ახსოვდეს ზბიგნევ ბჟეზინსკის ცნობილი გამონათქვამი: "უკრაინასთან ერთად რუსეთი იმპერიაა, უკრაინის გარეშე კი - არა!"

- დასავლეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დაწყების რუსული შანტაჟის ფონზე დაიწყო.

დამკვირვებელთა უმეტესობა თვლის, რომ დასავლეთს, მათ შორის ვაშინგტონს მოსკოვთან დიპლომატიური კონსულტაციები მანამდე არ უნდა დაეწყო, ვიდრე რუსეთი უკრაინის საზღვრიდან თავის ძალებს არ გაიყვანდა.

მოსკოვი დღემდე უარყოფს უკრაინასთან ომის დაწყების ალბათობას, მაგრამ, მას რომ უკრაინის საზღვარზე 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროები ჰყავს მობილიზებული ფაქტია. ბელარუსში რუსული ჯარების აქტიურობა, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთში რუსული ჯარების მოძრაობები იმაზე მიუთითებს, რომ ომის დაწყებაზე კრემლის შანტაჟი დასრულებულია, და იგი მოქმედებაზე ნებისმიერ დროს გადავიდეს.

დასავლეთი რუსეთს ეკონომიკური სანქციებით ემუქრება, მაგრამ, ახლა როცა რეალურად არსებობს რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების ალბათობა, რა ხდება თავად უკრაინაში?

- როგორც აღვნიშნე, უკრაინას სურს მშვიდობა, მაგრამ რამდენადაც შეუძლია, ომისთვისაც ემზადება. ვლადიმერ ზელენსკის არ სჯერა რუსეთთან ომის გარდაუვალობა და ამის შესახებ ილაპარაკა კიდეც ამ რამდენიმე დღის წინ თავის ვიდეო გამოსვლაში.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში იგრძნობა დაძაბულობა, რადგან ერთია პრეზიდენტის ოპტიმიზმი და მეორე - დამოკლეს მახვილი, რომელიც აშკარად ჰკიდია უკრაინის ცაზე.

მართალია, ამ ბოლო დროს ზელენსკი ცოტა სხვანაირად ფიქრობს და თვლის, რომ პუტინისთვის მთავარია არა დონბასი, არამედ ყირიმი, უფრო სწორად ყირიმის იურიდიულად შემომტკიცება ანუ უკრაინის მიერ მის გარშემო ნებისმიერი პრეტენზიის უარყოფა. ამ მიზნით პუტინმა შესაძლოა ხარკოვის ოკუპაცია მოახდინოსო, დასძენს ზელენსკი. ასეა თუ ისე, რუსული აგრესიის განახლება ამჟამად მისთვისაც რეალური ჩანს.

ამ ბოლო დროს ზელენსკი ცოტა სხვანაირად ფიქრობს და თვლის, რომ პუტინისთვის მთავარია არა დონბასი, არამედ ყირიმი, უფრო სწორად ყირიმის იურიდიულად შემომტკიცება, ანუ უკრაინის მიერ მის გარშემო ნებისმიერი პრეტენზიის უარყოფა. ამ მიზნით პუტინმა შესაძლოა ხარკოვის ოკუპაცია მოახდინოს. ასეა თუ ისე, რუსული აგრესიის განახლება ამჟამად მისთვისაც რეალური ჩანს

- იმის გათვალისწინებით, რომ ომის დაწყების საფრთხე რეალურია, როგორც კიევში, ისე მოსკოვში რუსეთის სავარაუდო სცენარებს განიხილავენ.

სამხედრო დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ამ ეტაპზე პუტინის ამოცანა იქნება მდინარე დნეპრზე გასვლა, რუსული მართლმადიდებლობისთვის თითქოს ასე მნიშვნელოვან ხერსონესზე კონტროლის დაწესება, ასევე ოდესაზე იერიშის მიტანა და უკრაინის შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაკავება.

მეტიც, მოსკოვის სახელისუფლებო წრეებში საუბრობენ იმაზე, რომ პუტინი არ აპირებს იმ სახით უკრაინის აღდგენაზე ფიქრს, როგორც იგი სსრკ- დროს იყო. ღიად საუბრობენ უკრაინის სახელმწიფოს გადაფორმატირებაზე.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს როგორც თავად ამბობენ, პირველ ეტაპზე კრემლის უკრაინული გეგმები?

- კრემლის გლობალური გეგმაა უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს წაშლა მსოფლიოს რუკიდან. პუტინი ამ მიზანს არ მალავს და იგი კიდევაც განმარტა თავის ფსევდოისტორიულ ტრაქტატში, რომლის მიხედვითაც არავითარი უკრაინელი ერი არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს უკრაინული ენა, რომელიც მისი მტკიცებით ველიკორუსული ენის სამხრეთული ანუ მალოროსიული დიალექტია. ამიტომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს დამოუკიდებლობანას თამაში და დაუბრუნდეს დედა-რუსეთის წიაღს.

რაკი უკრაინა უკრაინასთან დაკავშირებით პუტინის იდეების მიმართ მცირე ენთუზიაზმსაც არ ავლენს, რუსეთი მზადაა იგი ძალით დაიბრუნოს. მსოფლიო პრესა ფართოდ მსჯელობს კრემლის სხვადასხვა სამხედრო სცენარზე, დაწყებული ე.წ. ნოვოროსიის ანექსიით, დამთავრებული მთელი ქვეყნის ოკუპაციით. რა თქმა უნდა, თუკი ამას მოახერხებს. აქ საკვანძო და უმთავრესი სიტყვაა „თუკი!..“

რაკი უკრაინა უკრაინასთან დაკავშირებით პუტინის იდეეების მიმართ მცირე ენთუზიაზმსაც არ ავლენს, რუსეთი მზადაა იგი ძალით დაიბრუნოს... რა თქმა უნდა, თუკი ამას მოახერხებს. აქ საკვანძო და უმთავრესი სიტყვაა „თუკი!..“

- ფაქტია, რომ უკრაინა ემზადება დიდი ომისთვის. ვიცით, რომ უკრაინაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებით ქვეყნის მოსახლეობის 30-32% მზადაა იარაღით ხელში ჩაერთოს რუსეთთან ომში.

უკრაინის კულტურის სამინისტრომ მოამზადა ბროშურები, სადაც ნაჩვენები და აღწერილია თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, ბიზნესი და სხვადასხვა სახის ობიექტები ქვეყანაში საგანგებო სიტუაციებისა და საბრძოლო მოქმედებების დროს.

მათი დარიგება დაიწყო დიდ ქალაქებში, ჯერ კერძო და საჯარო ორგანიზაციებზე, შემდეგ კი იწყება საზოგადოების აქტიური მომზადება შესაძლო ომისთვის. პარალელურად, 20 იანვარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა სამოტივაციო ვიდეო რგოლი და მიმართვა, რომ უკრაინა მზადაა ბრძოლისთვის.

რამდენად მზადაა პოლიტიკური კლასი და საზოგადოება, ქვეყნის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესიულ მეზობელს, რომელიც თვლის, რომ უკრაინული ერი არ არსებობს და შესაბამისად უკრაინა, როგორც სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს?

- უდავოა, რომ უკრაინა თავის სუვერენიტეტს, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ათი საუკუნე ესწრაფოდა, უბრძოლველად არ დათმობს. საამისო განწყობა ქვეყანაში აშკარაა.

მიუხედავად ამისა, დიდია მშვიდობის შენარჩუნების და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების სურვილიც, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ამ ომს, თუკი იგი გაჩაღდა, მოჰყვება უამრავი მსხვერპლი, ნგრევა, ეკონომიკური კოლაფსი.

- ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინა რუსეთთან დაპირისპირებაში მარტო არ იქნება. ვიმეორებ, ღმერთმა არ ქნას ომი მართლა დაიწყოს, მაგრამ ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ თუ ომი დაიწყო, იგი 2008 წლის აგვისტოს ომივით 5 დღიანი არ იქნება.

ბევრი იმასაც ამბობს, რომ ეს ომი რუსეთისთვის მეორე ავღანეთად შეიძლება იქცეს. რამდენად საკმარისად ეხმარება დასავლეთი უკრაინას სამხედრო ტექნიკით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინულ-რუსული დაპირისპირება რუსეთისთვის შესაძლოა მეორე ავღანეთი აღმოჩნდეს?

- უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომს რუსეთი, იმედია, არ დაიწყებს. ცხადია, თუკი, ისევ ამ სიტყვას მოვიშველიებ, იქ კიდევ დარჩნენ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა ევროპის უდიდესი სახელმწიფოა საკმაოდ ძლიერი სამხედრო პოტენციალითა და ადამიანური რესურსებით.

თუ რუსეთმა ომი დაიწყო, უკრაინის სამხედრო პოტენციალი და რესურსები საერთაშორისო თანამეგობრობის ხარჯზე მრავალგზის გაიზრდება. იგი ნამდვილად არ დარჩება მარტო აღვირახსნილი დამპყრობლის წინააღმდეგ, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, რუსეთი ნამდვილად ვერ შეძლებს მთელი ქვეყნის ოკუპაციას, რადგან საამისოდ არ ეყოფა არც ფინანსები და არც სამხედრო ძალა.

ჩემი ღრმა რწმენით, რუსეთი ნამდვილად ვერ შეძლებს მთელი ქვეყნის ოკუპაციას, რადგან საამისოდ არ ეყოფა არც ფინანსები და არც სამხედრო ძალა

- ბლინკენ-ლავროვის შეხვედრას დასრულდა. მხარეებმა თავისი პოზიციები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

დამკვირვებელთა ნაწილი დარწმუნებული იყო, ვაშინგტონსა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის კონსულტაციები უსაფრთხოების საკითხებზე კონსენსუსური შეთანხმებებით დასრულდებოდა და რომ პუტინი ომს არ დაიწყებდა.

ახლა როცა ბლინკენ-ლავროვის შეხვედრა დასრულებულია, განცხადებებიც მოვისმინეთ. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა? უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყების ალბათობა კვლავ მაღალი რჩება?

- ალბათობა არსებობს, რადგან სინამდვილეში არავინ იცის პუტინის ზუსტი ჩანაფიქრი. მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ბლეფობს და სიტუაციის მაქსიმალური დაძაბვით ცდილობს რაც შეიძლება მეტ დათმობას მიაღწიოს დასავლეთთან.

როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, ენტონი ბლინკენი მას შეჰპირდა, რომ აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს. ეს უკვე საინტერესოა. დაველოდოთ, როგორი იქნება ის პასუხი. რაც მთავარია, გამოაქვეყნებს თუ არა მას მოსკოვი.

აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს. ეს უკვე საინტერესოა. დაველოდოთ, როგორი იქნება ის პასუხი. რაც მთავარია, გამოაქვეყნებს თუ არა მას მოსკოვი

- ამერიკულ გამოცემა „Voice of America» - ში გამოქვეყნდა ცნობილი და გამოცდილი ამერიკელი დიპლომატის ალექსანდრე ვერშბოუს ინტერვიუ, სადაც ის ამბობს - „რუსეთმა უკრაინაში კრიზისი ხელოვნურად შექმნა და შედეგად შესაძლოა ის მიიღოს, რის წინააღმდეგაც იბრძვის“.

ახლა როცა უკრაინა საფრთხეშია, მთავარია, უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაიწყოს. მაგრამ, რაც უფრო მეტ აგრესიულობას ავლენს კრემლი უკრაინის წინააღმდეგ, ფაქტია, რომ კიევს დასავლელი პარტნიორები რუსეთთან ერთი ერთზე არ დატოვებენ. არაა გამორიცხული აშშ- და ნატო- არა მარტო მეტი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, უფრო ეფექტური ნაბიჯები გადადგას უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად.

მოკლევადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ?

- მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პუტინს მტკიცედ გადაწყვეტილი უკრაინის ოკუპაცია, იგი შეეცდება ჯერ კიდევ გააგრძელოს დასავლეთთან ვაჭრობა მისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

ომის დაწყებამ შეიძლება მოსკოვის მიმართ უამრავი კითხვა წამოჭრას, მათზე კრემლს მკაფიო პასუხები არა აქვს. მათ გარეშე კი მეზობელ სახელმწიფოში შეჭრა თვით ისეთი ავანტიურისტისთვისაც კი, როგორიც პუტინია, სიგიჟე იქნებოდა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მას ასევე სჭირდება საკმაოდ დამაჯერებელი საბაბი ომის დასაწყებად. აგრეთვე მისთვის მნიშვნელოვანია ამ ომის პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, მსოფლიო თანამეგობრობის რეაქცია, უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარებისა და რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების მასშტაბები.

ჩემი აზრით, ამ და კიდეც ბევრ სხვა კითხვაზე, რომლებიც ომის დაწყებამ შეიძლება წამოჭრას, კრემლს მკაფიო პასუხები არა აქვს. მათ გარეშე კი მეზობელ სახელმწიფოში შეჭრა თვით ისეთი ავანტიურისტისთვისაც კი, როგორიც პუტინია, სიგიჟე იქნებოდა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა