„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მისი მინისტრობის პერიოდში დევნილებისთვის ბინების არასამართლიანად გადაწილებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს.
„ჩემი მინისტრობის დროს 35 ბინაზე დაიდო ხელშეკრულება და მაშინ მშენებლობა მხოლოდ დაწყებული იყო, შემდეგ, როდესაც სამინისტრო გაუქმდა, გაფორმდა კიდევ 109 ბინაზე ხელშეკრულება. ეს 109 ბინა დამთავრდა, სამინისტრომ მთლიანად გადაუხადა თანხა მშენებელს. ეს ყველაფერი ხდება ჩემს შემდეგ. დევნილებს მიეცა ბინები, მაგრამ იმის გამო, რომ მშენებელმა კომპანიამ მერიასთან მიღება-ჩაბარების აქტი ვერ გააფორმა, სამინისტრო იძულებული გახდა გაეწყვიტა ხელშეკრულება. როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს 144 დევნილი ოჯახი სამინისტრომ სხვაგან დააკმაყოფილა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც სოზარ სუბარი განმარტავს, მშენებელ კომპანიასთან დევნილთა ბინებში გადახდილ თანხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა. მისივე თქმით, კორუფციის ნიშნები მისი მინისტრობის პერიოდში არ იყო, რადგან არ იყო ხელშეკრულება დადებული. სუბარი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტის სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირება სრულიად უადგილოა.
„მიმდინარეობს დავა ამ კონკრეტულ კომპანიასთან, რომ უკან დაუბრუნოს თანხა სახელმწიფოს. ის, რომ ეს კომპანია თანხას არ აბრუნებს, ეს არის დარღვევა ამ კომპანიის მხრიდან და როგორც ვიცი, პროკურატურაში საქმე ამაზეა გადაგზავნილი. რაიმე კორუფციის ნიშნები ჩემს შემდგომ პერიოდში არ არის და ჩემს პერიოდში, მითუმეტეს ვერ იქნება, იმიტომ რომ ხელშეკრულებაც კი არ იყო დადებული. მითუმეტეს, ამის დაკავშირება სანატორიუმ „ქართლთან“ აბსოლუტურად არის თითიდან გამოწოვილი ბრალდება, იმიტომ რომ კავშირი ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან არ აქვს. კომპანიამ ვის მიჰყიდა ბინა, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ იქნება, ვინც არ უნდა ყოფილიყო იმ სამინისტროში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.