ილუზიები აქვთ და ჰგონიათ, რომ რაღაც ერთი გადაწყვეტილებით პრობლემებს ჭრიან - თურქეთის ბაზარი გაიხსნება და თურმე ფასების პრობლემა გადაწყდება, არ ვამბობ, რომ ეს არ ვარგა, მაგრამ არასერიოზული მიდგომაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის თაობაზე პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
გოცირიძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკითხს, რომ მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილება მთავრობამ 10-წლიანი მმართველობის შემდეგ, ახლა მიიღო და ამბობს, რომ არ არსებობს მაგალითი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სერიოზული დაპირება გაეცა და შეესრულებინა.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რაღაცას გეგმავენ და შემდეგ ამით ამაყობენ. ამბობენ, თურქეთის ბაზარს გავხსნით და რა კარგიაო. იბადება კითხვა - 10 წლის განმავლობაში თუ არ ხსნიდი, ე.ი. ცუდი იყო ხო? 10 წელი მოანდომე რაღაცის გადაწყვეტას? ყოველ ახალი პროპაგანდის მიწოდებაში შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობებიც ჩანს ხოლმე. ღარიბაშვილის ყოველი გამოსვლა გახარიას ლანძღვაა. გვარს არ ახსენებს, მაგრამ წლიურ რაღაცას რომ შეაჯამებს და იტყვის - ამას ვაპირებთ, მაგრამ ამან ან იმან მანამდე არ გააკეთა. სინამდვილეში ეს 10-წლიანი მმართველობა ივანიშვილის მმართველობაა, ანუ ივანიშვილის ხელისუფლებამ არ გააკეთა. შედეგს მოიტანს თუ არა, სხვა საკითხია. ილუზიები აქვთ და ჰგონიათ, რომ რაღაც ერთი გადაწყვეტილებით პრობლემებს ჭრიან. მაგალითად, თურქეთის ბაზარი გაიხსნება და თურმე ფასების პრობლემა გადაწყდება. არ ვამბობ, რომ ეს არ ვარგა, მაგრამ არასერიოზული მიდგომაა.
როდესაც რაღაცას კამპანიური ხასიათი აქვს, რაღაცაზე ააგებენ იმედებს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ფუჭი იმედი იყო, ან მიზნები დაისახეს და ვერ შეასრულეს. ვერ დამისახელებთ ერთ მაგალითსაც კი, რომ ამ 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სერიოზული დაპირება გაეცა და ის შესრულებულიყო. ამბობენ, გზას ვაგებთ და რიკოთს ვბურღავთო ეს ძალიან კარგია, მაგრამ 2020-ში უნდა დამთავრებულიყო“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.