გიგი წერეთელი - არ მგონია, ასეთი "ცხელი თავები" იყვნენ უკრაინის მთავრობაში, რომ როცა მთელი მსოფლიო გარე აგრესიისგან იცავს, შიგნით გამართონ ფრონტი - პრეზიდენტებზე არ უნდა იყოს ნადირობა და იმედი მაქვს, ეს მაგალითი იქნება ჩვენთვისაც

არ მგონია, ასეთი "ცხელი თავები" იყვნენ უკრაინის მთავრობაში, რომ როცა მთელი მსოფლიო გარე აგრესიისგან იცავს, შიგნით გამართონ ფრონტი - პრეზიდენტებზე არ უნდა იყოს ნადირობა და იმედი მაქვს, ეს მაგალითი იქნება ჩვენთვისაც, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ უკრაინის მეხუთრე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გარშემო მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება ერთმანეთისგან განსხვავდება.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ბოლო სასამართლო პროცესიდან გამომდინარე, ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავება მოსალოდნელი არ არის.

„გამომდინარე იმ ამოცანებიდან, რაც უკრაინას გააჩნია, როდესაც საგარეო ფაქტორებს კიდევ უფრო ამძიმებს შიდა დაპირისპირებები, ეს ახლა არასაჭირო იყო. პოროშენკოს მხარდამჭერები ამბობენ, რომ მან მოიმატა რეიტინგით, ზელენსკის რეიტინგი არ არის ისე მაღლა, პოროშენკოს მცირედით ასწრებს და ამიტომ, მის შემდეგ, პოროშენკო მიიჩნევა სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად. ამის გამო ხდება ახლა მისი დაშინება, მისი მომხრეების შევიწროება და საქმის აღძვრა. ზოგადად, უკრაინაში სულ ერიდებოდნენ ასეთ გადაწყვეტილებებს. ფაქტია, შიდა ბრძოლაა, მაგრამ სიმპათიას არ იმსახურებს ეს ნაბიჯი, თუკი პოროშენკო დაპატიმრებული იქნება.

გამომდინარე პოროშენკოს ქონებიდან, ვიცით, რომ ის ოფიციალურად არის მილიარდელი, ალბათ ამიტომ დააწესეს ეს გირაო. თუმცა, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი დაკავება და ციხეში ჩასმა არ უნდათ. საქართველოში სხვა ვითარებაა“, - განაცხადა წერეთელმა.

წერეთელმა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის საქმეც გაიხსენა. წერეთლის თქმით, როგორც ჩანს, უკრაინაშიც მსგავსი სცენარით განვითარდება მოვლენები და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საქართველოსთვის იქნება მაგალითი.

„ადრე საფრანგეთის მაგალითსაც ვიხილავდი, როდესაც ახლანდელმა ხელისუფლებამ არ ჩასვა საპატიმროში ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი, მიუსაჯა შიდა პატიმრობა. როგორც ჩანს, ამ სცენარით განვითარდება მოვლენები. არ მგონია, რომ ასეთი ცხელი თავები იყვნენ უკრაინის მთავრობაში, როდესაც მთელი მსოფლიო დგას და იცავს უკრაინას გარე აგრესიისგან, მათ შიგნით უნდა გამართონ ფრონტი და კიდევ უფრო დაყონ საზოგადოება. პოროშენკოს არ ჰყავს ცოტა მხარდამჭერი, ის ოფიციალურად რეიტინგებში მეორე არის. ამიტომ, შესაძლებელია, რომ შიგნით კიდევ უფრო დიდი დაპირისპირება იყოს. არ მგონია, რომ ეს უფრო დრამატულად განვითარდეს, რადგან ბევრი ძალაა ამაში ჩართული. არ ვიცი როგორ დასრულდება, მაგრამ არც პოროშენკო არის ის პოლიტიკოსი, რომელმაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიხიოს და დაიმალოს. იმედი მაქვს, რომ ეს მაგალითი იქნება ჩვენთვისაც. არ მიმაჩნია, რომ წინა პრეზიდენტებზე და პრემიერებზე უნდა იყოს ნადირობა მომავალი ხელისუფლების მხრიდან. ამაზე მარტო ჩვენ კი არ უნდა ვფიქრობდეთ ოპოზიციაში, ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, რომ რაღაც გარანტიები მომავალში ჰქონდეს“.

გიგი წერეთელი ასევე შეეხო ნატო-ს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებას.

მისი თქმით, საქართველო, სიჩუმის მაგივრად, უფრო აქტიური უნდა გახდეს, რომ მოხდეს მისი საკითხის წინა პლანზე წამოწევა.

„ჩვენს რეგიონში, უკრაინასთან დაკავშირებით კრიზისია. კრიზისი საშუალება არის, რომ რაღაც გაუმჯობესდეს, კრიზისების შემდეგ ხდება ხოლმე დიდი პრობლემების გადაწყვეტა. ამ კრიზისში საქართველო უნდა ეცადოს, რომ ისიც იყოს ყურადღების ცენტრში. სიჩუმე, დინებას მიყოლა, რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, ის, რომ საქართველოზე არ უნდა იყოს ლაპარაკი, როდესაც დიდი ქვეყნები დავობენ და არ უნდა იყოს კამათის საგანი, მე მგონია, რომ პირიქით უნდა იყოს, - საქართველოს წამოწევა წინა პლანზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველგან უნდა ისმოდეს საქართველო. უფრო მეტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება, არა იმიტომ, რომ პოლიტიკურად სხვა მხარეს ვარ, მაგრამ ბევრი რამ დავკარგეთ წინა პერიოდში, რომ აქტიური პოზიცია არ გვქონდა. უფრო მეტად ვიყავით მოლოდინის რეჟიმში ან გატრუნულები, ზოგიერთ ისეთ კრიტიკულ ვითარებაში, რომ რუსეთი არ გაბრაზდეს და ამით ვეუბნებოდით დასავლეთს, რომ „რა ვქნათ ახლა ჩვენ, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი“, - აღნიშნა წერეთელმა.

წერეთელმა გადაცემაში ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზეც. ის გამოეხმაურა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ამის შემდეგ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენად თანმიმდევრული იქნება.

„მოვისმინეთ ახსნა ამ გადაწყვეტილებების, რაც იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისინი ხედავენ, რომ კიდევ უკეთესი ჩამოყალიბება სჭირდებათ სტრუქტურულად და ალბათ, ამაშიც არის სიმართლე, მაგრამ მთავარია, რა გეგმები აქვს ამა თუ იმ პარტიას. იმ ცვლილებას, რომელიც აუცილებად სჭირდება ქვეყანას, აუცილებელია მეტი ადამიანის მხარდაჭერა ოპოზიციისთვის, რომ ისე არ გამოვიდეს, როგორც ხშირად გამოდის ხოლმე - ხალხის ის რაოდენობა არ მიდის, ვინც სწორედ შესაძლოა არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. არის ახალი ხალხი, გამოცდილი ადამიანები და ალბათ, ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები და საერთო ოპოზიციური გადასახედიდან მნიშვნელოვანი, რას მოიმოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“, რამდენად თანმიმდევრული, სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა