პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის აზრით, სოციალური საკითხების განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საბაბი არ უნდა იყოს.
სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ამისთვის საკმარისისია სხვა საპარლამენტო ბერკეტი - სადეპუტატო კითხვების გზით ინფორმაციის მოძიება, სამუშაო ფორმატებში შეხვედრების გამართვა.
"როცა აქცენტი მაინც და მაინც რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე კეთდება, ამ შემთხვევაში ინიციატორების მიზანია ის, აქცენტი უფრო მეტად პოლიტიკური მდგენელის მიმართულებით გაკეთდეს, ვიდრე დისკუსია და მსჯელობა პრობლემის გადაჭრაზე იყოს. ამ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელი არ არის რიგგარეშე სხდომის მოწვევა. სოციალური მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით აქამდეც ბევრი გაკეთდა როგორც განხორციელებულ პროექტებზე, ასევე დაგეგმილზე. მიღებულია “სოციალური მუშაობის შესახებ” კანონი, რითაც განსაზღვრულია ანაზღაურების საკითხი და კონკრეტული გეგმაა გაწერილი. საკმარისი იქნება, ყველამ საგნობრივად მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ, სიღრმეებში შევიდეთ და გაჩნდება მარტივად პასუხების მიღების შესაძლებლობა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.