ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაქსიმალური გაკეთდება იმისთვის, რომ სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული ადამიანების საჭიროებები დაკმაყოფილდეს. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დევნილების ბინებით უზრუნველყოფა სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა საჭიროება, რაც ჩვენს დევნილ მოსახლეობას აქვს, დაკმაყოფილდეს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჯგუფი არსებობს, რომელიც პროცესს სწავლობს. მე დეტალებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეს მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. მაქსიმალური გაკეთდება იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც განსახლებას საჭიროებენ, სრულად იყვნენ მოცული. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.
ორი დღის წინ სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრებას დიდი ხანი აპროტესტებდა.
გუშინ დევნილ მოსახლეობასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც, რომელმაც დევნილებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ კომუნიკაციის დეფიციტი არსებობს და სახალხო დამცველის აპარატი მზად არის, დევნილებსა და სამინისტროს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.