პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში ერთ-ერთი დევნილი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზს.
ხუნდაძე იმედოვნებს, რომ დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და მსგავს საპროტესტო ფაქტებთან შეხება აღარ გვექნება.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზს. დევნილები ის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფია, ვის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივისცემა მაქვს. შეუფასებელია მათი ტკივილი თუნდაც მხოლოდ დევნილობის სტატუსის გამო. 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი ბინებით დაკმაყოფილება, თუმცა, მესმის იმ ოჯახების, ვისაც მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება და მოუთმენლად ელიან საცხოვრებელ ფართებს. სამწუხაროდ, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ყველას ერთდროულად დაკმაყოფილება, ეს შესაბამისი შეფასებითი კრიტერიუმების მიხედვით მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, ბინების მოლოდინში მყოფი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და აღარ გვექნება შეხება მსგავს საპროტესტო ფაქტებთან. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს ამ დიდ ტკივილს", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.