დევნილები როგორც იყვნენ მიტოვებულები წინა ხელისუფლების დროს, ასე არიან დღესაც, სანატორიუმ „ქართლში" მომხდარი ტრაგედია ამის დადასტურებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
"როცა დევნილი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს და ამის უკან დგას მძიმე სოციალური ფონი, ამაზე უნდა ვისაუბროთ. მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, იმ სამინისტროზე, ვისაც აბარია დევნილების პირობების დაკმაყოფილება და ჩემდა სამწუხაროდ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ პრობლემის გადაწყვეტა,"- განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრებას დიდი ხანი აპროტესტებდა. შეგახსენებთ, რომ სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.