პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე ევროპის გლობალური უსაფრთხოების მოლაპარაკებების და რუსეთ-ამერიკის დიპლომატიური შეხვედრების შესახებ საუბრობს.
- როგორ შეაფასებთ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში გამართული მოლაპარაკებებს? რა შედეგებს შესაძლოა ველოდოთ ამ დაძაბული და მძიმე დიპლომატიური შეხვედრებიდან?
-ამერიკას და რუსეთს შორის ევროპის გლობალურ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებები ასეთ მაღალ დიპლომატიურ დონეზე, შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის გაერთიანების და ცივი ომის დასრულების შემდეგ, არ ყოფილა. ამ მოლაპარაკებებამდე ორივე მხარე მივიდა რთულად, განსაკუთრებით დაძაბული იყო წინა პერიოდები, როდესაც რუსეთმა ამერიკასთან და ნატოსთან ულტიმატუმებით დაიწყო საუბარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკებები დასრულდა ისე, როგორც უნდა დამთავრებულიყო, რაც კარგად იცოდა ორივე მხარემ. ის მოთხოვნები, რაც ჰქონდა რუსეთს, აბსოლუტურად შეუსრულებელია, რუსეთს ვერც ექნებოდა იმის ილუზია, რომ რამეს მიიღებდა, თუმცა ის, რომ რუსეთს და ამერიკას შორის ევროპის გლობალურ უსაფრთხოებაზე საუბარი შედგა, რა თქმა უნდა სერიოზული მნიშვნელობის ფაქტია. საბოლოო ჯამში, პირველი რიგის ამოცანა, მაინც მშვიდობა და უსაფრთხოებაა. დიდმა ქვეყნებმა ძალიან კარგად იციან, რომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა და ომმა შეიძლება დაღუპოს მთელი მსოფლიო.
ამ მოლაპარაკებებს ჰქონდა საკმაოდ რთული პრეისტორია. ჯერ კიდევ 2007 წელს მიუნხენში რუსეთის პრეზიდენტმა საკმაოდ მწვავედ ისაუბრა ერთპოლუსიან მსოფლიოზე და განაცხადა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. პუტინის ეს გამოსვლა მწვავედ შეფასდა მედიაში, მაგრამ ვინაიდან მაშინ რუსეთი არ განიხილებოდა ძლიერ სახელმწიფოდ არც პოლიტიკური წონით და არც ძალით, პუტინის გამოსვლას პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით შედეგი არ მოჰყოლია. ამის გაგრძელება იყო 2014 წელს ვალდაის კლუბში გაკეთებული განცხადება, სადაც უკვე გათამამებულმა და გაძლიერებულმა პუტინმა გაიხსენა რომაული ანდაზა - რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, ის ნებადართული არ არის ხარისთვის და გააგრძელა, შეიძლება არ არის ნებადართული ხარისთვის, მაგრამ დათვი არავის დაეკითხება ნებართვასო, დათვში ცხადია რუსეთს გულისხმობდა. ეს ფრაზა მთლიანად გამოხატავდა რუსეთის მომავალ პოსტსაბჭოურ პოლიტიკას და დიპლომატიას, რაც განსაკუთრებული სიმახვილით გამოჩნდა გასული წლის ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწყობილ შეხვედრაზე, სადაც პუტინმა თავის სიტყვაში თქვა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩვენი ინტერესების გატარებას მსოფლიოში და ამისთვის გავაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ - ჩვენი ოპონენტები ვამყოფოთ მუდმივი დაძაბულობის ქვეშო.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს მოლაპარაკებები არის მსოფლიო პოლიტიკის ცენტრალური მოვლენა, რომლის შემდეგაც მივიღეთ შესაძლოა დროებითი, მაგრამ მაინც სიმშვიდე. ნაკლებად რეალისტურია, რომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში ინტერვენცია დაიწყოს. ჩემი აზრით, 100 თუნდაც 175 ათასი ჯარისკაცი სრულიად არ არის საკმარისი უკრაინაში სრულფასოვანი ინტერვენციისთვის და ეს მხოლოდ კუნთების დემონსტრირებაა მოლაპარაკებების წინ. ომი არც რუსეთს აწყობს, ჯერ ერთი ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამას გარდა ომს მოსდევს დიდი მსხვერპლი, რაც ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტს შეუქმნის პრობლემებს საკუთარ ქვეყანაში.
უნდა გავიხსნოთ, რომ ცივი ომის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის დამარცხებული აღმოჩნდა რუსეთი, შესაბამისად ის ცდილობდა ფეხზე დადგომას, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. უნდა ითქვას, რომ ეკონომიკურ ნაწილში რუსეთს გაძლიერებაში დასავლეთმაც შეუწყო ხელი. რუსეთმა გააძლიერა გავლენა იმ არეალში, რომელიც იყო მისი ინტერესების სფერო, განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, შეიჭრა დონეცკსა და ლუგანსკში, სამხედრო ნაწილები განათავსა მოლდოვაში. მეორეს მხრივ, დასავლეთიდან ხდებოდა ნატოს გაფართოება, რომელიც ჩატარდა ხუთ ეტაპად. პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ ნატოს აღმოსავლეთ მიმართულებით ბოლო გაფართოება მოხდა 2020 წელს. რუსეთი ამ საკითხების მიმართ ანტაგონისტურად იყო განწყობილი, მაგრამ რეაგირებას არ გამოხატავდა, რადგან არ შესწევდა ძალა, დღეს კი როგორც ჩანს, რუსეთმა იგრძნო, რომ დადგა შესაფერისი მომენტი და რუსეთის მოთხოვნებმა მიიღო ულტიმატუმის სახე. ბოლო პერიოდში, ჩვენ დავინახეთ, რომ მისთვის უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება წითელი ხაზია. ნიშანდობლივია, რომ ფინეთისა და შვეციის ინიციატივას ნატოში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რუსეთის განსაკუთრებული წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ მოჰყოლია.
- რამ შეიძლება შეაჩეროს რუსეთი, ეკონომიკური სანქციები შესაძლოა გახდეს რუსეთის შეჩერების გზა? რას დათმობენ მხარეები სიტუაციის დეესკალაციისთვის?
- რეალურად, ამერიკის და ნატოს მხრიდან მოხდა პოზიციების დაახლოება რუსეთთან, როდესაც მათგან გამოითქვა მზაობა, რუსეთის მოთხოვნებიდან ორ პუნქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე. ეს არის არანატოს წევრ ქვეყნებში წვრთნების ჩატარება და საშუალო მანძილის რაკეტების განლაგების აკრძალვა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. გლობალური მასშტაბით, რომ შევხედოთ, ორივე მხარემ კარგად იცოდა, რომ მოლაპარაკებები ასეთი შედეგით დასრულდებოდა და ის, რომ არ იქნებოდა წერილობითი გარანტიები. ასეთ დათმობაზე ვერ წავა ვერც ამერიკა და ვერც ნატო. რუსეთმა მიიღო მეორე მხარის მზაობა იმ საკითხებზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება სანქციებს, როდესაც საუბარია რა შეაკავებს რუსეთს, ეს ნამდვილად არის ეკონომიკური საქნციები, თუმცა რუსეთი დეკლარირებულად ამას არ აღიარებს. რაც სანქციებზე საუბარი დაიწყო, უფრო სწორად კი ამ მოლაპარაკებების შემდეგ, გარკვეული ნეგატიური ძვრებია რუსეთის საფონდო ბირჟაზე. როგორც ცნობილია, მომზადებულია სანქციების ორი პროექტი. ტედ კრუზის პროექტი, რომლის თანაავტორიც ჯინ შაჰინია, ითვალისწინებდა მყისიერ და მკაცრ სანქციებს, მაგრამ ბოლო მომენტში ჩავარდა სენატში, ვერ მიიღო 60 ხმა. შემდეგ დაიწყო ბობ მენენდესის მეორე პაკეტის განხილვა, რომელიც ბევრ მკაცრ სანქციას მოიცავს, მათ შორის პუტინის და მისი ახლო გარემოცვისთვის. ეს პაკეტი მოიაზრებს რუსეთისთვის სვიფტის მომსახურების შეწყვეტას. სანქციებთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ ისინი დაკავშირებულია რთულ და მნიშვნელოვან პროცედურულ საკითხებთან. კანონპროექტის განხილვას გარკვეული დრო სჭირდება, ისიც საგულისხმოა რა დარჩება მისგან განხილვის შემდეგ. მართალია დაზუსტებით არ თქმულა, როდის მოხდება სანქციების გამოყენება, მაგრამ რა თქმა უნდა, მათი გამოყენება მოხდება თუ რუსეთი მოახდენს ინტერვენციას უკრაინაში. მანამდე სანქციები არ იქნება. რუსეთს დიდი დრო აქვს მოემზადოს და კარგად გადაწყვიტოს უღირს თუ არა ინტერვენცია უკრაინაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მოლაპარაკებების დროს რუსეთმა ისრები გადაიტანა უკრაინაზე, როდესაც დაიწყო საუბარი, რომ დასავლეთმა და ნატომ აიძულოს უკრაინა, შეასრულოს მინსკის ხელშეკრულების პირობები,სადაც არის პუნქტები, რომელიც უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელია. რუსეთის განცხადებით, ეს იქნება დეესკალაციის საწინდარი და განმუხტავს სიტუაციას, მაგრამ რამდენად აწყობს ეს კიევს, რუსეთს არ აინტერესებს. მართალია კეთდება განცხადებები, რომ ამერიკა და ნატო არ დათმობს უკრაინას, მაგრამ ნატო არ არის მზად იმისათვის, რომ ინტერვენციის შემთხვევაში ჯარით გაუწიოს დახმარება უკრაინას, თუმცა მზად არის ტექნიკური და ფინანსური დახმარებისთვის. ამავე დროს, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო გააძლიერებს წარმომადგნლობას უკრაინის მეზობელ ნატოს ქვეყნებში.
რუსეთმა ამ მოლაპარაკებებიდან მიიღო კიდევ ერთი ბენეფიტი - გახდა მხარე ევროპის უსაფრთხოებაზე ამერიკასთან მოლაპარაკებებზე, რითიც გამოჩნდა როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფიგურა. ეს პუტინს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის წინ პოლიტიკურ წონას მატებს. როგორც ცნობილია, 4 თებერვალს იხსნება პეკინის ოლიმპიადა. პუტინმა პირობა მისცა სი ძინპინს, რომ აუცილებლად დაესწრება ოლიმპიადის გახსნას, შემდეგ დაგეგმილია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მათ შორის. ნაკლებ სავარაუდოა, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის წინ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყოს, თუნდაც იმის გამო, რომ არსებობს 2008 წლის გამოცდილება, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დაიწყო პეკინის ოლიმპიადის გახსნის დროს. რუსეთს სჭირდება ჩინეთთან მეგობრობა. მსოფლიო დაძაბულობის ცენტრი აღმოსავლეთ აზიაში ინაცვლებს, რუსეთი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ფორმატებში, როგორიც არის ბრიქსი და შანხაის ორგანიზაცია. ცოტა ხნის წინ შეიქმნა კიდევ ერთი ფორმატი რიკ რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის მონაწილეობით, რომელიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი აღმოჩნდეს საერთაშორისო ვაჭრობის და პოლიტიკისთვის.
ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაიწყო ახალი გადანაწილება. ის შეთანხმებები, რომელსაც დაედო საფუძველი 1945 წელს იალტის კონფერენციაზე, უკვე მოძველდა. ყველა აღნიშნავს, რომ გაეროს უჭირს საკუთარი ფუნქციების შესრულება, სამწუხაროდ არაქმედითი ხდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც ჩანს ეს აზრი მუსირებს ამერიკის პოლიტიკურ წრეებშიც. ჩვენ გვახსოვს ჯეიკ სალივანის განცხადება, რომ ამერიკას სჭირდება ახალი ორგანიზაციების შექმნა და აღარ არის დაინტერესებული არც გაეროთი, არც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციით, არც მსოფლიო ბანკით, მაშინ როდესაც ეს ორგანიზაციები წარმოადგენს დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის ძირითად ფუნდამენტს.
-როგორ შეიძლება მივიდეთ ამ მოცემულობით 2022 წლის მადრიდის სამიტამდე და რამდენად სწორია ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით?
ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოპოლიტიკური ინტერესი ერთის მხრივ ჩვენთვის ბენეფიტების მომტანია, მეორე მხრივ, საფრთხესაც შეიცავს, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია. საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოების გაძლიერება უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ნატოს მადრიდის სამიტამდე ხუთი თვეა დარჩენილი. ჩვენ გვაქვს სერიოზული წინსვლები სამხედრო და ტექნიკური თვალსაზრისით, დავუახლოვდით ნატოს სტანდარტს, ამაზე საუბრობს ნატოს გენერალური მდივანი, აშშ-ს თავდაცვის მდივანიც, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ იგივე პარტნიორები ხშირად გვსაყვედურობენ, რომ ჩვენი პოლიტიკური სტანდარტი არის შეუსაბამო ნატოსა და ევროკავშირთან. პარტნიორები რა ხანია გვთხოვენ დემოკრატიული რეფორმების გატარებას, რასაც ხელისუფლება ეწინააღმდეგება, ამავე დროს გვაქვს პოლიტიკური კლასის დაბალი დონე, რაც განსაზღვრავს ნაკლებ ნდობას დასავლეთის მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე სამწუხაროდ, ოპოზიციის მიმართ.
უმნიშვნელოვანესია, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ უნდა გავითვალისიწნოთ, რომ ამერიკა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ნატოში საქართველოს მიღება შეუძლია. აქ გასათვალისწინებელია ნატოს ყველა წევრი ქვეყნის კონსესუსი. ეს კი რთული მისაღწევია, ამიტომ ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ბევრი მიმართულებით, გავატაროთ უსაფრთხოების მრავალვექტორიანი პოლიტიკა და მოვიპოვოთ პარტნიორი ქვეყნების სრული მხარდაჭერა.