ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ეს პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინკლუზიური. პრეზიდენტთან არსებულმა კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და შესაბამისი კანდიდატები წარუდგინა პრეზიდენტს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პროცესი.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს, აღნიშნული პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში.
„რაც შეეხება კანდიდატებს, ვფიქრობ, სანამ პრეზიდენტის ხელმოწერა არ იქნება, არ არის მიზანშეწონილი, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ისაუბროს ამ საკითხებზე. ვფიქრობ, რომ სანამ პრეზიდენტის ხელმოწერა არ არის, პერსონალიებზე საუბარი ჩემი მხრიდან არ იქნება მიზანშეწონილი. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ვითარდება და თუნდაც ორგანიზების მხრივ უკანასკნელი არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე იქნა შეფასებული, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, კენჭისყრის შედეგად, ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე პრეზიდენტს წარედგინა შემდეგი კანდიდატურები: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე და გიორგი კალანდარიშვილი.
ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი პრეზიდენტს წარედგინა: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.