ნინო წილოსანი - ოპოზიციურ ველზე ბადრი ჯაფარიძე ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენაა და ჩემი პირადი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა, თუმცა, მეც და ჩემი კოლეგებიც ვიქნებით გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში „ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენაა“ და მისი პირადი პოზიცია ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა იქნება. ამის შესახებ წილოსანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად საკუთარი პოზიციისა, ის მაინც გუნდის საერთო პოზიციას დაეთანხმება, რომელიც ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

„კანონმდებლობა და რეგლამენტი მკაფიო ჩანაწერს გვთავაზობს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით. სესიაზე პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამაზე გუნდში მკაფიო პოზიცია არ გვაქვს დაფიქსირებული. მე უბრალოდ, ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც ჩვენ პარლამენტში გვყავს, ყველა სხვასთან შედარებით ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა და ჩემი პირადი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა. თუმცა, მეც და ჩემი ნებისმიერი კოლეგაც ვიქნებით ჩვენი ერთიანი გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი“, - განაცხადა წილოსანმა.

დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა