საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ რეჟისორი, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა.
როგორც წულუკიანი განმარტავს, მას ისევე, როგორც რამდენიმე ათეულ სხვა ხელმძღვანელს, "ვადა გაუვიდა".
"ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე, როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს ჩვენს სისტემაში და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები. თუკი ის სამხატვრო ხელმძღვანელები, ვისაც ვადა გაუვიდა და ზოგიერთი მათგანი მართლაც ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს ისიც პოზიციაზე, რა თქმა უნდა, მისი განაცხადიც, როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, 2021 წლის დეკემბერში, საქართველოს კულტურის სამინისტრომ თეატრებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან 21 თეატრის ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს გაუვიდათ.