უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის 2021 წლის შემაჯამებელ ანგარიშში საქართველოში მედიის წარმომადგენლების თავდასხმის ფაქტებზე და ასევე მედიიის თავისუფლების შეზღუდვაზეა საუბარი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ჟურნალისტები და მედიის სხვა თანამშრომლები 2021 წლის განმავლობაში არაერთი თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ.
ხაზი გაესვა თებერვლის დასაწყისში ვახო სანაიაზე თავდასხმასა და სამი ბრალდებული პირის დაკავებას. ასევე, 5 ივნისის მოვლენებს. ანგარიშში წერია, რომ ფობიური საფუძვლით ძალადობა მოხდა ჟურნალისტების წინააღმდეგ მაშინ, როცა „პრაიდის“ მსვლელობა იყო დაგეგმილი.
, სიძულვილის ჯგუფებმა სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს მედიის 53 წარმომადგენელზე, მათ შორის „ტვ პირველის“, „მთავარი არხის“, „ფორმულას“, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე და ონლაინ მედიის არაერთ წარმომადგენელზე. თავდამსხმელებმა დააზიანეს და დაამსხვრიეს მედიის აღჭურვილობა, მრავალმა ჟურნალისტმა მიიღო ფიზიკური დაზიანება და დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია“,- აღნიშნულია ანგარიშში.
HWR ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ პოლიციამ ძალადობრივი ინციდენტების პრევენცია ვერ შეძლო.
,,ტვ პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც სახის ძვლების მოტეხილობა, კონტუზია და ტვინის შერყევა ჰქონდა და ოპერაცია ჩატარდა, თავის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას სიკვდილიდან ერთი დღის შემდეგ, გარდაცვალების მიზეზის ბოლომდე დადგენამდე, ხელისუფლებამ საჯაროდ, სისხლის ანალიზის "შუალედური სასამართლო ექსპერტიზის" შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ეს ნარკოტიკების ზედოზირებამ გამოიწვია. ანგარიშის მომზადების პერიოდში საბოლოო დასკვნა გამოტანილი არ ყოფილა. ლაშქარავას ოჯახს და სამოქალაქო საზოგადოებას ხელისუფლების ნაჩქარევი განცხადება კითხვებს უჩენს“, - წერია ანგარიშში.
ორგანიზაციის მომზადებულ ანგარიშში საუბარია ასევე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ 22 ივლისს „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტზე.