გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მიერ აშშ-სა და ნატოსთვის გაგზავნილ მოთხოვნებზე - 63 წლის ვარ და არ მინახავს, კრემლს ამაზე დიდი სისულელე და იდიოტიზმი გაეკეთებინოს

რუსეთის ის ორი დოკუმენტი, რომელიც კრემლმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით აშშ-სა და ნატო-ს გაუგზავნა, შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ომში გამარჯვებული ომში დამარცხებულს სთხოვს, რომ ზავის პირობებს დასთანხმდეს - 63 წლის ვარ, ამ პროფესიაში ვარ 45 წელია და არ მინახავს, კრემლს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე დიდი სისულელე და იდიოტიზმი გაეკეთებინოს, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, მათ ამაზე ღირსეული პასუხი მიიღეს.

"ყველაზე უფრო ცუდი, რაც გუშინ მოვისმინეთ, ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრუშკოს განცხადება, სადაც მან ის კი არ მოითხოვა, რომ ნატო-ში არ მიიღოთ საქართველო და უკრაინა, არამედ აღიარეთ, ჩვენი მშვიდობისმყოფელების როლი პოსტსაბჭოთა სივრცეზეო. ამაზეც საკადრის პასუხს მიიღებენ, მაგრამ მოკავშირეებს, რომლებიც გვეხმარებიან და ამბობენ, რომ საქართველოს სუვერენულ ნებას ვერავინ შეზღუდავს, ცოტა ჩვენც უნდა მივეხმაროთ. 2018 წლიდან ვამბობ, რომ იქნება შესაძლებლობის ფანჯარა და ჩვენ ისევ მოუმზადებელი დავხვდებით. ახლა არის, მაგრამ ვერ გამოვიყენებთ, რადგან იმ მდგომარეობაში, რაშიც არის საქართველოს პოლიტიკური ატმოსფერო და რელიეფი, ყოველგვარ იმედს გვიწურავს იმაზე, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯრით სარგებლობა შევძლოთ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულებების ორი პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ითვალისწინებს.

შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი ნატო-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხავს ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების განთავსებაზე ქვეყნებს გარეთ, იმ ტერიტორიებზე, რომლებშიც ისინი იყვნენ 1997 წლის მაისის მდგომარეობით (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე).

რუსეთის საგარეო უწყება ასევე ითხოვს, უარის თქმას ნატო-ს ნებისმიერ სამხედრო აქტივობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე იმას, რომ არ განთავსდეს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტები იქ, საიდანაც მათ შეუძლიათ სხვა მხარის ტერიტორიის დაზიანება.

ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ არ უნდა გაიმართოს სწავლებები, რომელშიც ერთ ბრიგადაზე მეტია ჩართული და რეგულარულად უნდა განხორციელდეს სამხედრო სწავლებების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, მასში აღნიშნულია: არ განთავსდეს შეიარაღება და ძალები იმ რაიონებში, სადაც ეს აღქმული იქნება სხვა მხარის მიერ როგორც ეროვნული უსაფრთხოებისადმი საფრთხე, ასევე მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, თავი შეიკავოს ბირთვული და არაბირთვული ბომბდამშენების ფრენისგან საკუთარი საჰაერო სივრცის გარეთ და სამხედრო გემების ყოფნისაგან ეროვნული წყლების გარეთ, საიდანაც მათ მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება შეეძლებათ.

პროექტის ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ „შეერთებულმა შტატებმა პირობა უნდა დადოს, რომ გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და უარს იტყვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ალიანსში მიღებაზე, არ შექმნის სამხედრო ბაზებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ გამოიყენებს მათი სამხედრო ინფრასტრუქტურას და არ განავითარეს მათთან სამხედრო თანამშრომლობას“.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა