თუკი იქნა გადაწყვეტილება მიღებული ამ ადამიანების დაპატიმრების თაობაზე, რაც ყველასთვის ნათელია, რომ არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება, ეს აღარ დატოვებს არანაირ სივრცეს კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის ქვეყანაში, კიდევ უფრო გაღრმავდება და დაიძაბება დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელზე ანგარიშსწორება საბოლოოდ დაანგრევს ქართული სასამართლოს იმიჯსა და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაციის პერსპექტივას.
„ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაც ან საბოლოოდ დაანგრევს ქართული სასამართლოს იმიჯს, ან კიდევ დატოვებს შანსს მისი გადარჩენის; მაგრამ აქ არ არის მხოლოდ სასამართლოში საქმე, თუკი იქნა გადაწყვეტილება მიღებული ამ ადამიანების დაპატიმრების თაობაზე, რაც ყველასთვის ნათელია, რომ არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება, ეს აღარ დატოვებს არანაირ სივრცეს კონსტრუქციული პოლიტიკური პროცესისთვის ქვეყანაში, კიდევ უფრო გაღრმავდება და დაიძაბება დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
აღსანიშნავია ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც, რაც ქვეყნის რეპუტაციაა და რაზეც „ქართული ოცნება“ ნაკლებად ზრუნავს. მაგრამ საზოგადოებას უნდა ესმოდეს ამგვარი გადაწყვეტილებების ფასი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრი ხდება იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მაშინ, როდესაც სახეზეა მკვეთრი დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის. აქ საქართველო უნდა ცდილობდეს პროცესის სწორ მხარეს იყოს. სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენები გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს და ისევ და ისევ რუსულ ორბიტასთან გვაახლოებს“, - განაცხადა წერეთელმა.