თავს ვალდებულად ვთვლი, გამოვთქვა ჩემი შეშფოთება იმ საშიშ ტენდენციასთან მიმართებით, რაც აშკარად „ნეოფაშისტური“ ტიპის მოვლენაა და საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ ლიდერის სულიერი შთაგონებით მოევლინა, ე.წ.შავი სიების სახით,- ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის ამ ინიციატივას მხარი აუბეს "აქამდე თითქოსდა ცივილიზებულმა და დემოკრატიის მომხრე ჯგუფებმა და პირებმა, რომლებმაც პრაქტიკულად საკუთარი ლუსტრაციით შესაძლოა, სამუდამოდ ამოირიცხონ თავი ქვეყნის ჯანმრთელი სეგმენტიდან.
ზილფიმიანი ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ "შავ სიებზე" საუბარი.
„ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ეს უგუნურება და ნუ იქცევით ერთი სრულიად დაუმსახურებლად პრივილეგირებული პატიმრის შეკვეთების აღმსრულებლებად, რომლის ქაოტური და აგონიური ქმედებებიც მხოლოდ ერთ მიზანს "სატუსაღოდან“ რაიმენაირად თავის დაღწევის უსუსურ მცდელობებს ემსახურება და თქვენი მისდამი ამ ფორმით მორჩილი მსახურება, თქვენსავე კრახს გამოიწვევს. გონს მოეგეთ და კარგად დაფიქრდით, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! შეცდომის დანახვა და გამოსწორება უფრო დიდი ღირსებაა ვიდრე ვინმეს და რამის ბრმად მსახურება,"- განაცხადა ზილფიმიანმა.