მსოფლიოში რომ არსებობდეს კვლევა ყველაზე არაპროგნოზირებადი მთავრობის გამოსავლენად, ივანიშვილის მთავრობა პირველ ადგილს დაიკავებდა. შეიძლება 5 წუთშიც შეცვალონ გადაწყვეტილება, ამიტომ მზად ვართ ნებისმიერი შედეგისთვის, - ამის შესახებ პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქმის აღძვრის მომენტიდან დღემდე სრულიად ცალსახაა, რომ „ხელისუფლება ებრძვის ურჩ ბიზნესმენებს, რომლებმაც გაბედეს და დამოუკიდებელი პოზიციები გამოავლინეს”.
„ჩვენთვის გადაწყვეტილება არის წმინდა ტექნიკური ამბავი, საქმის აღძვრის მომენტიდან დღემდე სრულიად ცალსახაა, რომ ხელისუფლება ებრძვის ურჩ ბიზნესმენებს, რომლებმაც გაბედეს და დამოუკიდებელი პოზიციები გამოავლინეს. ხელისუფლებამ ვერ გათვალა ვისთან აქვთ საქმე, როგორც სხვა ადამიანებთან გასვლიათ, რომ მიწოლით, ან საპატიმროში მოთავსებით გაუტეხიათ, აქ ამასთან არ გვექნება საქმე. პირიქით, ეს იქნება სერიოზული საეტაპო მოვლენა ამ პროცესის გაგრძელებისთვის”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.