პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო - პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, რეალურად უნდა დაწყებულიყო ერთი წლის წინ და დაიწყო კიდევაც, როდესაც ნიკა მელიამ წარადგინა განახლებული გუნდი პარტიაში, მაგრამ ამის შემდგომ ნიკა მელია დააკავეს და სამი თვე პატიმრობაში იყო , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში კიდევ რა ცვლილებები განხორციელდება, ეს უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
„მომავლში, არა თუ მეორე ხარისხოვან ფუნქციას შევასრულებ პარტიაში, გარწმუნებთ, კონკრეტულად ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები - როდესაც პარტიაში მიმდინარეობს სერიოზული გადახალისება და ჩამოყალიბება, სხვადასხვა პოზიციაზე, ვინ იქნება, ეს მომავალში ეტაპობრივად გახდება ცნობილი. ასე რომ, პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო. ეს პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, რეალურად უნდა დაწყებულიყო ერთი წლის წინ და დაიწყო კიდევაც, როდესაც ნიკა მელიამ წარადგინა განახლებული გუნდი პარტიაში, მაგრამ ამას შემდგომ რა პროცესებიც მოჰყვა ყველას კარგად გვახსოვს, ნიკა დააკავეს და სამი თვე პატიმრობაში იყო”, - განაცხადა უდუმაშვილმა.
ამასთან, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა დაბრუნდეს საგამოძიებო კომისიის ფორმატში, რაც, მისი განმარტებით, ავტომატურად პარტიის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებას ნიშნავს.
„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საგამოძიებო კომისიას ვითხოვთ, ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ვბრუნდებით პარლამენტში. ამ თემაზე ჩვენ ასევე ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები, რომელიც პარლამენტში არიან, რომ მხარს დავუჭერთ იმ საგამოძიებო კომისიების შექმნას, რომლებიც სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ არის შექმნილი. ჩვენ ვგეგმავთ დავბრუნდეთ საგამოძიებო კომისიის ფორმატში ძალიან აქტიურად და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.