აქ პიროვნული არაფერი არ არის, ფუნქციის უკეთესად შესრულებაზე მიმართული ნაბიჯებია, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" წევრმა, დავით სერგეენკომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ უწყებაში დასაქმებული ადამიანები არ გათავისუფლდებიან და ისინი კვლაც გააგრძელებენ საქმიანობას.
"ყველაზე მთავარი არის ის ფუნქცია, რასაც ეს ინსტიტუცია ასრულებს. ამაზე 2018 წლიდან დაწყებული იყო მსჯელობა, რომ უმჯობესია, ის ორი მთავარი ფუნქცია, რაც მასში არის, ზედამხედველობა და გამოძიება, გამიჯნული იყოს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ წარმოიშვას. ბოლო ხანებში, როდესაც ამ კანონპროექტის ინიცირება მოხდა, აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აღმოჩნდა, რომ 2018 წლიდან არის ამაზე საუბარი. მეორე ის იყო, რომ ვინც დასაქმებულები არიან ამ უწყებაში, უმუშევრები რჩებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის, ისინი მაღალი ალბათობით ისევ დასაქმდებიან. მოვისმინე არგუმენტები, რომ ამ ინსტიტუციის ფუნქციები უკეთესად შესრულდება, რაც ჩემთვის მისაღებია", - განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, მეორე და მესამე მოსმენით მუშაობა დღეს გაგრძელდება. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. ცვლილებებს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 13-მა წევრმა წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტზე მეორე და მესამე მოსმენით მუშაობა 30 დეკემბერს გაგრძელდება.