პარლამენტის სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების" ბენეფიციარების და მათი მშობლების მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
პარლამენტის წევრებმა საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
„წინასაახალწლოდ, საქართველოს პარლამენტში, ორგანიზაცია „მზის შვილების" მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა უკვე ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. სასურველია თუ მსგავსი ღონისძიებები სხვა დროსაც გაიმართება, რადგან აქსესუარების და ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაციის ბენეფიციარების საჭიროებებს ხმარდება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის წევრის, რიმა ბერაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო აქსესუარების დამზადებაში „მზის შვილების" ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართულები და ხელნაკეთი ნივთები მათი მონაწილეობით მზადდება. „გამოფენა-გაყიდვაზე „მზის შვილების" ცენტრმა ძალიან კარგი ნივთები წარმოადგინეს და მიხარია, რომ პარლამენტმა ხელი შეუწყო ამ პროცესს. ბავშვებმა თავიანთი ნაკეთობებით ჩვენ გაგვახარეს და ჩვენც გავახარეთ. ეს არის ორმხრივი დამოკიდებულება და მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ", - აღნიშნა რიმა ბერაძემ.