გიორგი ვაშაძე უმრავლესობას - რატომ იღებთ ამ კანონს?! რაღაცის გეშინიათ?! გამოდის, რომ ლონდამ შეგაშინათ

ეს კიდევ ერთი ფარსია, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწყობს. რაღაც არგუმენტები მოვისმინეთ, თითქოს „საფრანგეთის მაგალითი, იმ ქვეყნის მაგალითი“, ძლივს ამ ქვეყანაში შეიქმნა დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩანასახი და ფაქტია, რომ ამის მოსპობა გინდათ. კითხვა მაქვს - რეალური მიზეზი რა არის, რატომ იღებთ ამ კანონს? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიასი შეეშინდა.

„სხვათა შორის, ირაკლი კობახიძე შემოვიდა აქ და იქნებ მან გაგვცეს პასუხი, გაგვიმხილეთ, რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც ამ კანონპროექტს იღებთ? გამოდის, რომ ლონდამ შეგაშინათ. ერთმა ადამიანმა თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით შეგაშინათ. გეშინიათ და ამიტომ იღებთ ამ კანონს?

თქვენი აზრით, თქვენი თანაგუნდელები აქ რატომ არ არიან? რცხვენიათ ამ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა და მარტო დაგტოვეს ამ კანონის წარდგენის დროს? სულ 4-5 კაცი იყავით დარბაზში და პირველი შემთხვევაა, რომ ოპოზიცია უმრავლესობაში იყო. რა მოხდა, შეეშინდათ და არ უნდათ ამაში მონაწილეობა? რცხვენიათ, რომ ასეთ საძაგელ კანონს იღებთ აბსოლუტურად ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე? უკან მოიხედეთ, ცარიელია ტრიბუნები თავიდან ბოლომდე. ესეც მიუთითებს, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა“, - მიმართა რატი იონათამიშვილს გიორგი ვაშაძემ.

იონათამიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს უპასუხა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის წინაშე არაფერი აქვს დასამალი და გულწრფელად აფიქსირებს თავის პოზიციას.

„ეს იყო მაშინაც, როდესაც ვაძლიერებდით სახალხო დამცველის ინსტიტუტს, მაშინაც, როდესაც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო მუშაობა და მაშინაც, როდესაც შეგვქონდა არსებითი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რითაც გაძლიერდა ოპოზიციის მონაწილეობა და ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში. ყოველ ჯერზე ეს გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, ცალმხრივი ერთპარტიული ხდებოდა და ოპოზიცია გაურბოდა მათ, შესაბამისად, პასუხისმგებლობის აღებასაც. არ მიკვირს, როდესაც თქვენ ახლა ამბობთ, რომ ძლივს რაღაც დამოუკიდებელი მექანიზმი იქმნებაო. ყველა ეს რეფორმა ვინ ჩაატარა და შეიმუშავა, ხომ არ გავიწყდებათ? ასე რომ კარგია, ხშირად დაესწარით საპარლამენტო სხდომებს. ეს კარგი იქნება საინტერესო, რომ ჩაერთვებით გაკრვეული საკითხების განხილვაში, არამედ ცოდნასაც გაიღრმავებთ“, - უპასუხა ვაშაძეს იონათამიშვილმა.

ამის შემდეგ გიორგი ვაშაძემ კვლავა მიმართა უმრავლესობის წევრს და განაცხადა, რომ იონათამიშვილს აერია და ვაშაძის დასწრების ნაცვლად, თავისი თანაგუნდელების დასწრებაზე უნდა გაკეთებინა კომენტარი.

„რატომ გაექცნენ ამ საკითხის განხილვას და დაზუსტებაში ისევ ამაზე მინდა გკითხოთ - რატომ შეგატოვეს აღნიშნული კანონის განხილვაში? ჩემს დასწრება-არ დასწრებას თქვენ ნუ განიხილავთ, ამას განსჯის ამომრჩეველი, თქვენს კოლეგებს მიხედეთ, რატომ დაგტოვეს მარტო. ისევ იმ კითხვას დაგისვამთ, ასე დაჩქარებულად რატომ იღებთ ამ კანონს? რა მოცემულობა გახდა ისეთი, ვინმე მოქალაქის უფლება დაირღვა თუ თქვენს ინტერესებში არ შედის ის მოქმედებები, რასაც ეს დამოუკიდებელი ინსტიტუცია აკეთებს?“ - განაცხადა ვაშაძემ.

მის საპასუხოდ, იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი დისკუსია აჩვენებს სხვაობას მასსა და ვაშაძეს შორის. იონათამიშვილის თქმით, ეს მისთვის სასარგებლოა.

„ბატონო გიორგი, მოგეხსენებათ, როდესაც მომხსენებელს გამოაქვს კანონპროექტი, ეს არ ითვალისწინებს, რომ მისი გამოტანა ხდებოდეს პოლიფონიის პრინციპების დაცვით. კიდევ ბევრი გიორგი და ბევრი ვაშაძე რომ გამოვიდეს, არ არის პრობლემა, ყოველთვის ამომწურავ და საკადრის პასუხს გაგცემთ ნებისმიერ თქვენს კითხვაზე. რაც შეეხება შედეგებს, კარგად დააკვირდით ტაბლოს, როდესაც მოხდება კენჭისყრას და აქ დაინახავთ ყველაზე კარგად სხვაობას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა