დავით უსუფაშვილი ინსპექტორის სამსახურზე - კობახიძის წინაადადებები ერთ რამეს ნიშნავს, შინაარსობრივად მოვახდინოთ რეორგანიზაცია, მაგრამ ფორმა ლიკვიდაციის გავაკეთოთ, რათა ხელმძღვანელობა გავუშვათ

ირაკლი კობახიძის წინაადადებები პრაქტიკულად ერთ რამეს ნიშნავს - შინაარსობრივად გავაკეთოთ რეორგანიზაცია, მაგრამ ფორმა ლიკვიდაციის გავაკეთოთ, რათა ხელმძღვანელობა გავუშვათ იქიდან - მოგმართავთ უმრავლესობის წევრებს, ამ თემას კარგად დავუკვირდეთ,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ ახალი წინადადებები წარადგინა, რომელიც ორ ნაწილად გაყოფილ სამსახურში უწყების მოქმედი თანამშრომლების გადანაწილებას ითვალისწინებს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, კობახიძის წინადადებები აჩვენებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება არასწორია. უსუფაშვილი დეპუტატებს სთავაზობს, პროექტს დაჩქარებული წესით განსახილველი სტატუსი მოუხსნან.

ირაკლი კობახიძის წინადადებებმა ყველაზე უკეთ დაგვარწმუნა, რომ ეს არის მოუმზადებელი კანონპროექტი და დაჩქარებული წესით მიღება არ არის სწორი და მიზანშეწონილი - არ განხილულა ამ უწყების ანგარიში; არ ყოფილა ჩართულობა ამ ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტებთან დაკავშირებულ საკითხებში. ჩვენ ვსაუბრობთ ინსტიტუტებზე, რომლებსაც განსაკუთრებული უფლებამოსილება აქვთ და აქედან გამომდინარე, ისინი უნდა სარგებლობდნენ განსაკუთრებული ნდობით და ლეგიტიმაციით. იმ ტიპის საჯიჯგნად კი არ უნდა იყოს ეს თემა გამხდარი, როგორც ამ ორ დღეში, არამედ უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობით, რომ ხვალ და ზეგ თავიანთი ფუნქციები სწორად შეასრულონ.

ბატონი ირაკლის წინაადადებები პრაქტიკულად ერთ რამეს ნიშნავს - შინაარსობრივად გავაკეთოთ რეორგანიზაია, მაგრამ ფორმა გავაკეთოთ ლიკვიდაციის, რათა ხელმძღვანელობა გავუშვათ იქიდან. კითხვას ვსვამ - როდესაც საგამოძიებო ფუნქცია დაემატა მონაცემების დაცვის ინსპექტორს, მაშინ ლიკვიდაცია მოხდა? - არა. ფუნქციები დაემატა და რეორგანიზაცია მოხდა. ახლაც ამ გზით წასვლაა საჭირო. შეიძლება ფუნქცია გამოეყოს და თანამშრომლებიანად ახალი რამ შეიქმნას.

მოგმართავთ უმრავლესობის წევრებს, ამ თემას კარგად დავუკვირდეთ. საკითხზე ასეთი გზით გადაწყვეტილების მიღება, რაც არ უნდა კეთილშობილური ამოცანებით ნაკარნახევი იყოს, უარყოფითი შედეგის მომტანია. გავითვალისწინოთ ირაკლი კობახიძის წინადადებაც. ავიღოთ სათანადო დრო, პროექტს მოვუხსნათ დაჩქარებული სტატუსი. თუ საჭიროა იანვარში შევიკრიბოთ, დავამუშავოთ ეს წინადადებები და მივიღოთ კანონი, რომელიც ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს მისცემს სათანადო მხარდაჭერას პარლამენტის მხრიდან, რათა არ იყოს იმ დონის პოლიტიზირება და პერსონალურ ანგარიშწორებაზე საუბარი, როგორც დღესაა. ჩვენ ეს შეგვიძლია. ბატონო შალვა (პაპუაშვილი), იქნებ ამ მიმართულებით გავიხედოთ, მივიღოთ კანონი, მაგრამ სწორად და გააზრებულად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები წარადგინა. აღნიშნული წინადადებების გათვალისწინებით, რაც კობახიძის განმარტებით, პარლამენტში ინიცირებულ პროექტში მეორე მოსმენით მიღებამდე აისახება, უზრუნველყოფილია სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლების ორ ახალ სამსახურში გადაყვანა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა