პარლამენტმა რიგგარეშე სხდომის ფორმატში “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ტაქსიში მოწევის აკრძალვაა. თამბაქოს მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.
ამავე პროექტით, თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი.
ამ მიმართულებით შემოდის ადმინისტრაციული ჯარიმები. კერძოდ, წესდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, ტაქსის და კატერის როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.
წესდება ჯარიმები მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანისას - ჯარიმა განსაზღვრულია 50 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორები არიან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე.