ერთადერთი კრიტიკის საფუძველი, რაც შეიძლება დარჩეს ეს არის, რატომ ხდება პროექტის მიღება დაჩქარებული წესით. დაჩქარებული წესით ნამდვილად არ არის კარგი, როდესაც ასეთ კანონს იღებ, თუმცა, წლის ბოლოა და გადავწყვიტეთ მომავალი წლიდან მეტ-ნაკლებად, ეს ინსტიტუტი კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვინც დღეს სახელმწიფო ინსპექტორს აქებენ, გასული 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობის შესახებ, არაფერი უთქვამთ.
„რაც შეეხება თვითონ პიროვნებას, გუშინ სახალხო დამცველის მოადგილე გამოვიდა და თქვა, რომ ორი წელია აკვირდებიან, ორი წელია ლონდა თოლორაია მუშაობს ძალიან კარგად. ძალიან სამწუხაროა, რომ ორი წლის განმავლობაში არც ერთხელ ეს სიტყვა არ დასცდენიათ და ახლა მოინდომეს ამაზე ლაპარაკი. თუმცა, იმ ფაქტმა, რომ დღეს ასე იცავენ, როგორც ინსტიტუციას, ისე პიროვნებას, გამოაჩინა ერთი რამ, რომ ე.ი. შეგვიძლია პიროვნებების შერჩევა და ზუსტად ასე მოხდება მომავალშიც“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უმრავლესობის წევრის თქმითვე, მას სახელმწიფო ინსპექტორთან მიმართებაში რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია.
„ლონდა თოლორაიას მიმართ ერთადერთი პრეტენზია, რაც შეიძლება მქონდეს ეს არის, გუშინ რა განცხადებებიც გააკეთა. მგონია, რომ გარკვეულწილად თავის მანდატს გასცდა. როდესაც ის ესწრებოდა მოსმენას, უკეთესი იქნებოდა, დარჩენილიყო ბოლომდე. სხვა პრეტენზია ამ ადამიანის მიმართ, პიროვნულად არ მაქვს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.