მოსამართლეობის კანდიდატი ამირან ძაბუნიძე - ზღვარგადასული თავდასხმები და კამპანია, რაც აგორებულია სასამართლოების მიმართ, ჩემთვის მიუღებელია

ზღვარგადასული თავდასხმები და კამპანია, რაც აგორებულია სასამართლოების მიმართ, ჩემთვის მიუღებელია, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ამირან ძაბუნიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისას განაცხადა, რითაც უპასუხა მმართველი გუნდის წევრის, ალუდა ღუდუშაურის კითხვას, მისაღებია თუ არა მისთვის კრიტიკა.

მისი თქმით, სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მხოლოდ მათ გადაწყვეტილებას უნდა უკავშირდებოდეს.

„კრიტიკა სასამართლოს და მოსამართლის მიმართ ჯანსაღი უნდა იყოს, რაც მოიაზრებს კრიტიკას მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს დადებითია და აუცილებელიცაა.

ზღვარგადასული თავდასხმები და კამპანია, რაც აგორებულია სასამართლოების მიმართ, ჩემთვის მიუღებელია. ვფიქრობ, ადამიანის უფლებათა კონვენციის გამოხატვის თავისუფლების მე-10 მუხლიდან გამომდინარე, შეიძლება, რომ თუ ამდაგვარი გამოხატვა სასამართლოსთან დაკავშირებით ხდება, შეიზღუდოს“, - განაცხადა ამირან ძაბუნიძემ.

რაც შეეხება იმას, რას ფიქრობს საქმეების საჯაროდ, მედიაში განხილვაზე, ძაბუნიძე ამბობს, რომ ეს „ცალსახად მიუღებელია“.

„არ უნდა ხდებოდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება წინასწარ, ამით გავლენას ახდენენ მოსამართლეზე“, - განაცხადა ამირან ძაბუნიძემ.

ამასთან, ამირან ძაბუნიძემ უპასუხა „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კითხვას, რატომ გამოიტანა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოზიციაზე შეტანილი განცხადება 2019 წელს და განმარტა, რომ მაშინ მზად არ იყო.

„2019 წელს ეს პროცესი დაიწყო ღიად, მე არ ჩავთვალე, რომ მზად ვიყავი იმ მომენტისთვის და მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რატომაც უარი განვაცხადე“,- განაცხადა ამირან ძაბუნიძემ.

რაც შეეხება ინჯიას კითხვას, დეპუტატი დაინტერესდა, ხომ არ იყო 2019 წელს ძაბუნიძის გადაწყვეტილების მიზეზი ზეწოლა.

„მეჩვენება, რომ ძალიან ფრთხილი ხართ, შემთხვევით ეს ხომ არ იყო მიზეზი, რომ 2019 წელს ერთხელ უკვე წარადგინეთ თქვენი თავი და შემდეგ თქვენ თავად მოხსენით კანდიდატურა. სიფრთხილე ხომ არ იყო მიზეზი? მიმაჩნია, რომ მოსამართლე მართლა მოსამართლე უნდა იყოს. თვითდაჯერება უნდა გქონდეთ. გინდათ, იყოთ მოსამართლე, დარწმუნებული ხართ, რომ შეასრულებთ ნდობას, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იმსახურებს? რა იყო მიზეზი, თამაშია? ზეწოლა იყო თუ გითხრეს, მოემზადე? მე მინდა, რომ იყოთ მაგარი, ღირსეული მოსამართლე იყოთ“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ინჯიას კითხვაზე, არის თუ არა მზად ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის, ძაბუნიძემ უპასუხა: „კი, რა თქმა უნდა“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ამირან ძაბუნიძის მოსმენა მიმდინარეობს. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის ანალოგიით წარიმართება, როცა კანდიდატს განსაზღვრული დროის ფარგლებში კითხვებს დაუსვამენ ფრაქციებისა და პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლები და ასევე უფრაქციო დეპუტატები.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა