ქალბატონი სალომე ახლა იქცევა როგორც პრეზიდენტი და ამიტომ აღვიქვამთ როგორც ადამიანს, რომელიც პრეზიდენტია, მანამდე არ იქცეოდა როგორც პრეზიდენტი, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკული განცხადებებისა, სალომე ზურაბიშვილი „ოპოზიციის მხარდამჭერი“ არ უნდა გახდეს.
„მოდი პირდაპირ ვთქვათ, მე შევხვდი ქალბატონ სალომეს და საკმაოდ კონსტრუქციული საუბარი გვქონდა და აღვუთქვი კიდეც მაქსიმალური დახმარება. მე არავისზე არავითარი წყენა არ მაქვს. მე პოლიტიკოსი ვარ და თუ არის წყენა, ეს გარეთ არასდროს არ გამოვა, საქმეს არასდროს ხელს არ შეუშლის, მაგრამ მოდით გულწრფელად ვთქვათ, რომ ქალბატონი სალომე ახლა იქცევა როგორც პრეზიდენტი და ამიტომ აღვიქვამთ როგორც ადამიანს, რომელიც პრეზიდენტია, მანამდე არ იქცეოდა როგორც პრეზიდენტი.
მე სულაც არ მინდა, რომ ქალბატონი სალომე გახდეს ოპოზიციის მხარდამჭერი იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ის დაკარგავს ნეიტრალურობას და ის, რაც არის მიმზიდველი ამ შემთხვევაში მის თანამდებობაში, პრეზიდენტის თანამდებობაში, რაც აძლევს მას იმის შესაძლებლობას, რომ მართლაც განსაკუთრებული როლი ითამაშოს, ამ შემთხვევაში ის ამას დაკარგავს. შენ, როგორც პრეზიდენტი, ხარ ხელისუფლების მომხრე თუ ოპოზიციის მომხრე, მეორე ნაწილისთვის ყველა შემთხვევაში მიუღებელი ხარ. შენ უნდა დაანახო მოსახლეობას, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიის სიმპათია-ანტიპათიიდან არ გამოდიხარ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.