ხუთი შვილის მამაა და ექიმების ოჯახში გაზრდილი, ორივე ძალიან კარგია, კარგი მოცემულობაა, მაგრამ არცერთი არ მიანიშნებს, რომ ეს ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენციაა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჯანდაცვის ახალ მინისტრზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, არ არის აუცილებელი, ჯანდაცვის მინისტრს პრაქტიკოსი ექიმის გამოცდილება ჰქონდეს, თუმცა ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტში უნდა ერკვეოდეს.
„არ არის აუცილებელი, რომ პრაქტიკოსი ექიმი იყოს. კრიტერიუმები რომ ავიღოთ, პირველ რიგში ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა ესმოდეს, ჯანდაცვის პროგრამების მართვის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ჯანდაცვის სისტემის ხედვა უნდა ჰქონდეს.
ხუთი შვილის მამაა და ექიმების ოჯახში გაზრდილი, ორივე ძალიან კარგია, კარგი მოცემულობაა, მაგრამ არცერთი არ მიანიშნებს, რომ ეს ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენციაა. შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი კარგი პიროვნული თვისებები ჰქონდეს, მაგრამ მინისტრს ხომ უნდა ჰქონდეს ელემენტარული ხედვა, რა გამოწვევებია პირველად ჯანდაცვაში, ჰოსპიტალურ სექტორში, საყოველთაო ჯანდაცვაში, რა უნდა გაკეთდეს პანდემიის მართვისთვის, რა ხდება ამ კუთხით სხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებში.
უბრალოდ ბაზისურ ცოდნაში რომ გაერკვეს, ჯერ ერთი ბაზისური არა, მეტი ცოდნა უნდა ჰქონდეს, ბაზისურად ამაში რომ გაერკვეს, ძალიან ნიჭიერი ადამიანიც რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, კი, ნიჭიერია თავის მიმართულებით, მაგრამ ამას ხომ წლები დასჭირდება, ვირუსთან ომის პირობებში თვეები და წლები გავიდეს სანამ ეს ადამიანი გაერკვევა ამ ყველაფერში“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.